საქართველოში კაკლის მოსავლის სეზონის დაწყებამდე, დაახლოებით, ერთი თვე დარჩა. EastFruit-ის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობისა და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების ზრდის მიუხედავად, ფერმერებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ.
შედარებით მაღალ მოსავალს კაკლის ახალ ბაღებში მოელიან, რადგან სრულ ნაყოფიერებას იწყებენ და წლევანდელი ამინდის პირობებიც მათთვის ხელსაყრელი იყო. ფერმერების პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით კაკლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, მეტი იქნება.
გასულ წელს, ახალი ბაღებიდან Chandlar-ის ჯიშის ნაჭუჭიანი კაკალი ადგილობრივ ბაზარზე, 1 კგ, საშუალოდ, 8-10 ლარი (2.48-3.11 დოლარი) ღირდა. მოსავლის ძირითადი ნაწილი წელს ისევ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი მოლაპარაკებებს საექსპორტო ბაზრებთანაც აწარმოებს.
კომპანია „აგროპროდუქტი“კახეთში 230 ჰექტარ კაკლის ბაღსა და გადამამუშავებელ ქარხანას ფლობს. 230 ჰექტარიდან 40 ჰექტარი 6 წლის წინ გაშენდა. კომპანია ამ სეზონზე 250 ტონა მოსავალს მოელოდა, მაგრამ კახეთის რეგიონში ბოლოდროინდელმა სეტყვამ მოსავლის 15-20% დააზიანა, რაც საბაზრო ფასებზეც მოახდენს გავლენას.
„აგროპროდუქტი“ ადგილობრივ მყიდველებთან, ასევე, პორტუგალიელ და გერმანელ იმპორტიორებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. კომპანიამ მოსავლის ნაწილი პორტუგალიას გასულ წელს მიჰყიდა. წლევანდელი ფასები ჯერ დადგენილი არ არის, რადგან ახალი მოსავლის გაყიდვები არც ადგილობრივ და არც გლობალურ ბაზარზე ჯერ არ დაწყებულა.
ლაგოდეხელი ფერმერები 82 ჰექტარ ხუთწლიანი ბაღებიდან 50-60 ტონა კაკლის მოსავალს ელოდებიან, რადგან ეს მუნიციპალიტეტი სეტყვით არ დაზარალებულა.
„სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ლაგოდეხის 1 კგ კაკალი უკვე 7 ლარად (2.25 დოლარად) იყიდება. ფერმერების პროგნოზით, წელს კაკალი, განსაკუთრებით, საექსპორტო ბაზრებზე კარგად გაიყიდება, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, აშშ-ში მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებია,“ – წერს EastFruit.
50-60 ტონა მოსავალს ელოდება კომპანია „პადემიც“, რომელიც 25 ჰექტარ ბაღს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ფლობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი წარმოება წელს უფრო მაღალი იქნება, თუმცა სეზონის დაწყებამდე ფასებს არ პროგნოზირებენ.
EastFruit-ის ფასების მონიტორინგის თანახმად, ნაჭუჭში 1 კგ. კაკლის საშუალო ფასი 2019 და 2020 წლების ოქტომბრის დასაწყისში 6 ლარი იყო. ახალი ბაღების ძირითადი ჯიშის, Chandlar-ის ფასი, ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, უკეთესი ხარისხის გამო, როგორც წესი, უფრო მაღალია.
bpn.ge