ოზურგეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაკავებულია – “ხშირად ძალადობდა”

ოზურგეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი-მიხეილ ქუთათელაძე ოჯახური ძალადობის ბრალდებით დღეს დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ძალადობის დროს ქუთათელაძემ იარაღიც გამოიყენა, თუმცა, დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ საუბრობენ.

უწყებაში მხოლოდ ფაქტს ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

პროკურატურის ინფორმაციით კი მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

საქმის დეტალებზე არც პროკურატურაში საუბრობენ.

ძალოვანი უწყების თანამშრომლები არ პასუხობენ კითხვას, იყო თუ არა ამ დრომდე შეტყობინება ქუთათელაძის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ.

ფაქტზე საუბარი არც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სურთ. პატრულის თანამშრომლები ასევე არ პასუხობენ კითხვას, იყო თუ არა იარაღი გამოყენებული ძალადობის დროს.

-ქუთათელაძე წლებია ძალადობს ოჯახში და ამის შესახებ ყველა საქმის კურსშია, თუმცა ამ დრომდე არავინ აკავებდა. არაერთი შეტყიბინებაა პილიციაში შესული. კაცი თავად დადიოდა გამოძახებებზე ოჯახური ძალადობის ფაქტებზე და ამავე დროს თავად იყო მოძალადე, რომელსაც ხელს აფარებდნენ, მაგრამ დღეს აღარ გაუვიდათ-აღნიშნავენ ჩვენთან საუბარში სოფელ ასკანაში, სადაც მიხეილ ქუთათელაძე ცხოვრობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share