ვაქცინაციის რისკები 12-15 წლის ბიჭებში უფრო მაღალია

ბრიტანეთი 12 წლის ზევით მოზარდებში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას ერთი დოზით იწყებს. ლონდონში მიღებული გადაწყვეტილება უფროსი სამედიცინო ოფიცრის ოფისის (CMO) რეკომენდაციას ეფუძნება. გაერთიანებულ სამეფოში იმედოვნებენ, რომ მოზარდების ვაქცინაცია განათლების სისტემას პანდემიის დროს შეფერხებებით შექმნილი ხარვეზების გამოსწორებაში დაეხმარება.

ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე ბავშვებს, ან მათ, ვინც „კლინიკურად მგრძნობიარე“ ადამიანთან ცხოვრობს, ორდოზიან აცრას ბრიტანეთში აქამდეც სთავაზობდნენ. პროფესორ კრის უიტის თქმით, რომელიც უფროსი სამედიცინო ოფიცრის ოფისს ხელმძღვანელობს, ეს „რთული გადაწყვეტილება“ იყო და ის არ უნდა იყოს აღქმული ერთგვარ ჯადოსნურ ჯოხად, რომელიც ყველა პრობლემას გადაჭრის.

გადაწყვეტილება ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის გამოყენებაზე, პროფესორ უიტის თქმით, უკავშირდება ვაქცინაციის ძალიან იშვიათ რისკს, რომელიც მოზარდებშიც ფიქსირდება. ეს არის მიოკარდიტი, გულის კუნთის ანთება. მისი განმარტებით, პირველი დოზით აცრის შემდეგ მიოკარდიტების რისკი დაბალია, მეორე დოზით კი შანსი იზრდება. ამ ასაკობრივ ჯგუფში ყოველ მილიონ აცრილზე მიოკარდიტის 12-დან 34-მდე შემთხვევა ფიქსირდება.

ბიჭები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე გოგონები. ამავე დროს, პირველი დოზით ბავშვები იღებენ ორგანიზმისთვის ვაქცინით მინიჭებული დაცვის უმეტეს ნაწილს, რაც დაავადების რისკს ამცირებს. გასულ კვირას ამ რეკომენდაციის გაცემისგან თავი შეიკავა ჯანდაცვის დეპარტამენტთან მოქმედმა სათათბირომ, ვაქცინაციის და იმუნიზაციის ერთობლივმა კომიტეტმა (JCVI), რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება.

კოვიდ-19-ზე აცრის შემდეგ მიოკარდიტის რისკებთან დაკავშირებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა. მათი უმრავლესობა უკვე სამეცნიერო ჟურნალებშია დაბეჭდილი, ზოგი კი წინასაპუბლიკაციო ვერსიაა, რომელთაც კოლეგების განხილვის პროცესი ჯერ არ გაუვლია. რამდენიმე მათგანს დღეს გაგაცნობთ რუბრიკაში „გალილეო“.

ჯერ ძალიან მოკლედ – თავად მიოკარდიტზე. ეს გულის კუნთის (მიოკარდიუმი) ანთებაა და წარმოადგენს ორგანიზმის იმუნურ პასუხს უმეტესად ვირუსულ ინფექციებზე. კაცებში ის თითქმის ორჯერ უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე ქალებში. მოზარდებში და ბავშვებში კი დაავადება გაცილებით იოლი ფორმებით მიმდინარეობს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) განმარტებით, მიოკარდიტებს და პერიკარდიტებს შესაძლოა ახასიათებდეს ტკივილები გულ-მკერდის არეში; სუნთქვის უკმარისობა; ფრიალის, მძლავრი ან აჩქარებული გულისცემის შეგრძნება. CDC გვირჩევს, აუცილებლად მივმართოთ ექიმს, თუკი ბავშვს მსგავსი სიმპტომები აქვს, მითუმეტეს – კოვიდ-19-ზე აცრიდან პირველი კვირის განმავლობაში. ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს კი ურჩევენ გაეცნონ მათ ვებგვერდზე განთავსებულ უახლეს მასალებს.

დღეს ჩვენი ყურადღების ცენტრში ამერიკელი მეცნიერების კვლევაა, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ის ჯერ სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტების ყურადღება უკვე მიიპყრო როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ბრიტანეთში.

12-15 წლის ჯანმრთელ ბიჭებში მიოკარდიტის რისკი, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინით მეორედ აცრის შემდეგ დაახლოებით 4-ჯერ მეტია, ვიდრე კოვიდ-19-ის გამო მათი საავადმყოფოში მოხვედრის შანსი. რეტროსპექტული ანალიზისთვის მეცნიერებმა ვაქცინების გვერდითი მოვლენების თაობაზე შეტყობინების ამერიკული სისტემა (VAERS) გამოიყენეს, რათა შეესწავლათ მიოკარდიტის შემთხვევები 12-15 და 16-17 ასაკობრივ ჯგუფებში 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე.

ამ კვლევის მიხედვით, მიოკარდიტები 12-15 წლის ჯანმრთელ ბიჭებში მეორე დოზით აცრის შემდეგ ყოველ მილიონ აცრილზე 162.2-ს უდრის. 16-17 წლის ასაკში კი – 94-ს. გოგონებში ეს მონაცემები გაცილებით დაბალია, 12-15 წლის ასაკის მილიონ გოგონაზე მიოკარდიტის დაახლოებით 13 შემთხვევა მოდის და 16-17 წლის ასაკში – 13.4.

შედარებისთვის: ინფიცირების დღევანდელი ხარისხით, ჯანმრთელი მოზარდის კორონავირუსის გამო ჰოსპიტალში მოხვედრის შანსი, ინფიცირებიდან პირველი 4 თვის განმავლობაში, არის მილიონში 44 შემთხვევა. აღნიშნული კვლევის წინასაპუბლიკაციო ვერსია 30 აგვისტოს გამოქვეყნდა. მისი უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე MedRxiv.

ბავშვებს კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებიან. მართალია, ისინი კოვიდ-19-ით დაავადების გამო საავადმყოფოში ხშირად არ ხვდებიან, მაგრამ ნაწილი ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის რისკის ქვეშ მაინც რჩება. ბრიტანეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ-19-ის სიმპტომები მოზარდების 14%-ში შესაძლოა სამი თვის შემდეგაც ფიქსირდებოდეს. 2 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები არიან ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და ინგლისის ჯანდაცვის მეცნიერები.

ისრაელი, ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველი ქვეყნებია, სადაც ახალგაზრდების და მოზარდების აცრა კოვიდ-19-ზე მასობრივად დაიწყო. პირველადი შედეგებიც ამ ქვეყნებში ადმინისტრირებული ვაქცინების შესაძლო გვერდით მოვლენებზეც სწორედ აქედან მოდის. შესაბამისად, საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებში ავტორიზებულ ვაქცინებზე.

ისრაელში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ მიოკარდიტის რისკი 16 წლის ზევით ახალგაზრდებში „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინით აცრის შემდეგ იყო 1-5 შემთხვევა ყოველ 100 000-ზე. ამ კვლევაში დემოგრაფიული ინფორმაციის სპეციფიკური ანალიზი მოცემული არ არის, თუმცა აღსანიშნავია სხვაობა გენდერული ჯგუფების მიხედვით. საშუალოდ 25 წლის ასაკის მოსახლეობაში მიოკარდიტის ყოველი 21 შემთხვევიდან 19 მამრობითი სქესის მოქალაქეს გამოუვლინდა.

პედიატრიის ამერიკული აკადემიის (AAP) სამეცნიერო ჟურნალის სექტემბრის გამოცემაში დეტალურადაა აღწერილი 7 შემთხვევა, რომელიც ბავშვებში, უფრო კონკრეტულად კი – ბიჭებში, მიოკარდიტის დიაგნოზს აღწერს. ეს კვლევა სავარაუდოდ უფრო ექიმებს დააინტერესებთ, მათში მოცემულია ავადობის მთელი მიმდინარეობა, სიმპტომები, პასუხი სხვადასხვა ტიპის ტესტებზე, თუ მკურნალობის ამერიკული მეთოდები.

რიგითი მკითხველისთვის კი საინტერესო იქნება ის, რომ შვიდივე შემთხვევაში ბავშვები კლინიკაში „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრიდან 4 დღის განმავლობაში მიიყვანეს, გულ-მკერდის არეში ტკივილის ჩივილებით. ყველა პაციენტს სიმპტომები სწრაფად მოეხსნა. ვაქცინის მიღებასა და მიოკარდიტს შორის კავშირი კი არ დადასტურდა.

ამ ეტაპზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი ამბობს, რომ „შესაძლოა არსებობდეს კავშირი“ ახალგაზრდებში მიოკარდიტების და პერიკარდიტების შემთხვევებს და ამერიკაში ადმინისტრირებულ „ფაიზერ-ბიონტექის“ და „მოდერნას“ კოვიდ-19-ის ვაქცინებს შორის. თუმცა, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული სხვა სამთავრობო სააგენტოები დაბეჯითებით იმეორებენ, რომ ვაქცინების სარგებელი გაცილებით დიდია, ვიდრე მათი რისკები. ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მიოკარდიტის ტიპის გვერდითი მმოვლენები „უკიდურესად იშვიათია“ და მათი უმრავლესობა მსუბუქი, ან საშუალო სიმძიმისაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share