კვების ობიექტებს სტუმრების მიღება ახალი წესებით მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.
როგორც ბრძანებაში წერია: ახალი რეკომენდაციები შეეხება – დახურული და ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) ობიექტებს, ჭურჭლის ხელით რეცხვას, მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესს, დასუფთავებისა და და დეზინფექცის წესებს. ასევე განსაზღვრავს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს.
კვების ობიექტებისთვის შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები:
- ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
- იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით;
- წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
- მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- უზრუნველყავით დასაქმებულთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი და მოახდინეთ შედეგების ასახვა სათანადო ჟურნალში, ხოლო 20-ზე მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში მოახდინეთ როგორც დასაქმებულთა, ასევე მომხმარებელთა თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურის მზომი დისტანციური ხელსაწყოს გამოყენებით;
- აკონტროლეთ ერთ სივრცეში მყოფი დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
- განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
- სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი – მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
- სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
- უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას.