პენტაგონში აცხადებენ, რომ გასულ თვეში ქაბულში დრონების საშუალებით განხორციელებულ თავდასხმას 10 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 7 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს „ტრაგიკული შეცდომა“ იყო.
„ჩვენი გამოძიების თანახმად, თავდასხმა ტრაგიკული შეცდომა იყო“, – განაცხადა აშშ -ს ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი ფრენკ მაკკენზიმ.
მისი თქმით, დარტყმის განხორციელებისას ის დარწმუნებული იყო, რომ ეს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარდაუვალ თავდასხმას ააცილებდა, ახლა კი ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ დაღუპულები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოების წევრები იყვნენ, ან აშშ-ის ძალებს საფრთხეს უქმნიდნენ.
განცხადება გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმაც, სადაც მან თავდასხმას შეცდომა უწოდა და ბოდიში მოიხადა.
“ბოდიშს ვიხდით და შევეცდებით, ვისწავლოთ ამ საშინელი შეცდომისგან,“- აღნიშნულია განცხადებაში.