გადაცემაში „სხვა ნანუკას შოუ“ ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ვერაზე მოკლული ნიკოლოზ კვარაცხელიას დედის წერილი წაიკითხა. გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა, საზოგადოებას მადლობას უხდის თანადგომისთვის და დამნაშავეების ოჯახს კანონის აღსრულებისკენ მოუწოდებს.
მე, მისი მამა და და-ძმები ამაყები და ბედნიერები ვართ, რომ ნიკოს ოჯახი გვქვია… ქედს ვიხრით თითოეული თქვენგანის წინაშე. ეს მძიმე წუთები თქვენმა სითბომ, სიყვარულმა, თანადგომამ და ნიკოს დაფასებამ შეგვიმსუბუქა. ჩვენი ოჯახისთვის არაფერია იმაზე მეტად საამაყო, რომ ჩვენმა პატარა ბიჭმა შეძლო თავის საქმის მიმართ ასეთი სიყვარულით აელაპარაკებინა ჩვენი ქვეყანა.
მინდა ვისურვო, რომ ნიკო იყოს ბოლო მსხვერპლი ახალგაზრდებში და მისმა სიკეთემ და სიყვარულმა შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ. დამნაშავეების ოჯახებს ვთხოვ, კანონის აღსრულებას შეუწყონ ხელი, შემდეგ უფალს ვთხოვოთ შენდობა, მადლობა დედი იმ ლამაზი 22 წლისთვის რომელიც ჩვენთან გაატარე. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ შენი დაწყებული საქმე შენ ანასთან ერთად გავაგრძელოთ”, – ნათქვამია ნიკოლოზ კვარცხელიას დედის წერილში.
ცნობისთვის, 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.