ლექსები, რომლებიც პირველკლასელებს 4 ოქტომბრისთვის უნდა ასწავლოთ

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, პირველკლასელებმა სწავლა 15 სექტემბერს ვერ დაიწყეს. როგორც ოფიციალურმა უწყებებმა განაცხადეს, პატარები სასწავლო პროცესს 4 ოქტომბერს შეუერთდებიან.

სკოლაში ტრადიციულ გაცნობით შეხვედრასა თუ ზეიმზე პირველკლასელები, როგორ წესი, ლექსებსა და მისალოც ტექსტებს კითხულობენ. ბავშვის პირველ სასწავლო დღეს რომ მომზადებული შეხვდეთ, etaloni.ge გთავაზობთ ლექსებს, რომელთა ცოდნაც პირველკლასელებს 4 ოქტომბერს გამოადგებათ.

დაირეკა სკოლის ზარი

დარი დარი, დარი დარი
შემოვაღე სკოლის კარი,
შემოვუსხდით მერხებს ყველა,
აწკრიალდა ცოდნის ზარი,
მერხზე დამხვდა დედაენა,
ყველასათვის საფიცარი,
აი ია, აი თათი,
აი ჩემი საკითხავი,
მიყვარს წიგნი, სწავლა, სკოლა,
მასზე კარგი არა არის,
მშობლიური ანაბანა,
არის მართლაც საოცარი,
დარი დარი, დარი დარი,
დაირეკა სკოლის ზარი,
კართან დედა მელოდება,
ამაყი და მომღიმარი./მაია წიგნაძე/


ზარები

ბავშვებს სკოლისკენ უხმობენ,
რეკენ ჟღრიალა ზარები,
თავქუდმოგლეჯით გარბიან,
ცელქები, აბეზარები.

მიისწრაფვიან სკოლისკენ,
თამაშზე სულ არ ნაღვლობენ,
მიუსხდებიან მერხებს და,
ათიანებზე სწავლობენ./ მანანა ტონია/

ენა ქართული

 

ქართული მარტო ენაა?! –
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! –
იმოდენაა!/ მუხრან მაჭავარიანი/

კარგად უნდა ვისწავლო

დილით ადრე გაღვიძება
არ ყოფილა ადვილი,
მაგრამ სკოლაში მელიან
მეგობრები ნამდვილი.

თოჯინებთან განშორება
დროა, აღარ ვიჯავრო,
უკვე დიდი გოგო ვარ და
კარგად უნდა ვისწავლო./სოფო გასიტაშვილი/


მე სკოლაში მივდივარ

სკოლისათვის ვემზადები,
ახლა უკვე დიდი ვარ,
დღეს პირველად,
სულ პირველად
მე სკოლაში მივდივარ.
ჩანთას ვეძებ,
წიგნებს ვეძებ,
არ ვივიწყებ არაფერს,
უჰ, რამდენჯერ სავსე ჩანთა
ისევ ამოვალაგე.
ფანჯარაზე ჭრელი კატა
წევს და ჩუმად კრუტუნებს.
ჩემს უცნაურ ორომტრიალს
ის შორიდან უყურებს.
ჭრელ კუდს იქნევს, ქურდბაცაცას
ულვაშები უბზინავს,
თან დამცინის: ეგ ჩანთა ხომ
გასტენეო უწინაც…
სტყუი, ფისო, შემომხედე!
ახლა მართლა დიდი ვარ,
დამიჯერე,
დღეს ნამდვილად
მე სკოლაში მივდივარ./ქეთევან ქუჩუკაშვილი/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: