“იმედი მინდა ვიქონიო, რომ დღეს კიდევ უფრო ნათლად დაინახავს ევროკავშირიც, ამერიკაც და ყველა საელჩოც იმ პარტიის სახეს, რომლის აქტივისტებიც კვერცხებით და ქვებით ელოდებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერის გამოსვლას საელჩოდან და ელჩს უწევს, პირადად დაუკავშირდეს შსს-ს, რომ დარწმუნებული იყოს მისი სტუმრების უსაფრთხოებაში. ეს ბანტუსტანია უკვე და არა, ქვეყანა, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ნებისმიერი დაპირისპირება და მწვავე სიტუაცია არ არის მისაღები, მითუმეტეს, როდესაც ეს საელჩოსთან ხდება, მაგრამ ეს აბსოლუტურად იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც აწარმოებდა „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში.
„აწარმოებდა იმ ძალადობით, მასხრად აგდებით, დაუსჯელობით და ცინიზმით, რომელიც მუდმივად მოდიოდა „ქართული ოცნებიდან“ და ამ საკითხში ნამდვილად ჩემპიონი იყო და რჩება ჩემპიონად ირაკლი კობახიძე. თუნდაც ის ცინიზმი, რომელიც დმანისთან დაკავშირებულ მოვლენას მოჰყვა, როდესაც გამოძიების და ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, კვლავ ოპოზიციისკენ გაიშვირეს ხელი, ბუნებრივია, იწვევს ოპოზიციის მხრიდან აღშფოთებას, რაც დავინახეთ დღეს ევროკავშირის საელჩოს წინ. ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება ნორმალურ ქვეყნად, სადაც უსმენენ ევროკავშირის, აშშ-ს ელჩებს, ყველას და ყველგან უთვალთვალებენ. სამწუხაროა, რომ ეს გვიან დაინახეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ევროკავშირმა და ამერიკის მხარემ. ეს ახლა, უკვე მათი განცხადებით ძალიან ნათლად ჩანს, მაგრამ თავის დროზე, მათი პოზიტიური მცდელობა მიშელის დოკუმენტის კრიზისის განმუხტვით, სამწუხაროდ შემოგვიბრუნდა ნეგატიურად, იმიტომ, რომ მიშელის დოკუმენტმა მხოლოდ გაათავხედა „ქართული ოცნება“, მხოლოდ ფრთები შეასხა-აცხადებს ბურჯანაძე.