“რაის რვაპუნქტიანი გეგმა კაცს წყალი არ მისცენ და ფულს მისცემს ვინმე?” – ოზურგეთელები თალაკვაძეებზე

ოზურგეთის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ავთანდილ თალაკვაძე, გამარჯვების შემთხვევაში, ოზურგეთელებს უამრავი, მრავალმილიონიანი, პროექტის განხორციელებას პირდება.

ამის გარანტორად კი მას, ყველა შეხვედრაზე, საკუთარი ძმა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, უდგება.

ადგილობრივებში, თავისი ოდიოზურობის გამო, თალაკვაძეების “რვაპუნქტიანი გეგმა” უკვე ქილიკის ობიექტი ხდება.

განსაკუთრებული ირონია გურულებში სუს-ის მოხსენებითი ბარათების გამოაშკარავების შემდეგ ე.წ. “ნაკურთხი წყლის” თემამ გამოიწვია, სადაც საპატრიარქოს მაღალჩინოსანი არჩილ თალაკვაძისათვის ნაკურთხი წყლის გაგზავნაზე ირიბად უარს ამბობს. დიდი ალბათობით იმიტომ, რომ, ეზარება.

დღეს “გურიის მოამბეს” რედაქციაში რამდენიმე ადგილობრივი “გაკუჭებული გურული” მოვიდა და ჟურნალისტებს გვისაყვედურა, “რატომ არ ვეხებით ამ თემას?”;

“რა თემას ხალხო და წყალი ვერ გეიმეტენ თბილისში მაგიზა და რაის ფინანსებს მოიზიდავენ ოზურგეთში?” გვიპასუხეს სტუმრებმა კითხვაზე – თუ რომელ თემაზე იყო საუბარი.

ცნობისათვის:

“პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დაუკავშირდა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელმაც სთხოვა ნაკურთხი წყლის 3 ლიტრიანი ქილით გაგზავნა. აღნიშნულზე შ.თეთრუაშვილმა განაცხადა თანხმობა და თანამოსაუბრეს ურჩია წყლის ნაწილი გაუგზავნოს ადვოკატ ირმა ჭკადუას. ნ.კაკაბაძის თქმით, იგი ნაკურთხი წყლის ნაწილს ასევე გაუგზავნის პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რაზეც მდივან-რეფერენტმა განმარტა, რომ უმჯობესია ი.კობახიძისთვის უცნობი დარჩეს წყლის საპატრიარქოდან გაგზავნის ფაქტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკურთხი წყლის გაგზავნა მოუწევთ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისთვის და სხვა პოლიტიკოსებისთვისაც”

წერია სუს-ის ერთ-ერთ მოხსენებით ბარათში, სუს-ის მოხსენებითი ბარათები, დაახლოებით 64 ათასი “ფაილი”, ამ დღეებში გასაჯაროვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share