როგორც ‘გურიის მოამბისთვის“ ხდება ცნობილი, მმართველი პარტია საკუთარ ამომრჩეველსაც უნდობლობას უცხადებს და მათ არჩევნების დღეს, შემოხაზული ბიულეტენის გარეთ გამოტანას და კოორდინატორისთვის ჩვენებას სთხოვს.
რედაქციას ინფორმაცია კონფიდენციალურად სოფელ ჭანიეთიდან და მაკვანეთიდან მოაწოდეს.
„იმდენი ფული დაარიგეს ამ საარჩვნოდ, იციან, რომ ხალხსაც ნასწავლი აქვს ჭკუა და შეუძლიათ მათი მოტყუება, ამიტომ, ახალი მეთოდი მოიგონეს- არა ტელეფონით გადაღება და ფოტოს ჩაგდება, არამედ, პირდაპირ სთხოვენ ამომრჩეველს, შემოხაზული ბიულეტენი მათ კოორდინატორს აჩვენონ და მერე ჩადონ კონვერტში. რამდენიმე ადამიანი უკვე გააფრთხილეს ჭანიეთში და მაკვანეთში. ეს რაც მე ვიცი და ალბათ ყველა სოფელში ასე იქნება.
თვითონაც იციან, რომ გაკოტრებულები არიან და რეიტინგი აღარ აქვთ, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ხალხზე“-გვიყვება წყარო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ დამკვირვებლებს მოუწოდებს, არჩევნების დღეს, განსაკუთრებული ყურადღება მსგავს ფაქტებს მიაქციონ.