ენმ: ნიკა მელიას ბრიფინგზე ჟურნალისტები არ იქნებიან – პარტია გაავრცელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგს ჟურნალისტები არ დაესწრებიან. როგორც ტაბულას ენმ-ში უთხრეს, განცხადებას LIVE რეჟიმში მედიას თავად პარტია მიაწოდებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგს 21:00 საათზე გამართავს. მელიას ამ დრომდე სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. მმართველი გუნდის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოულახავს და არც ვიდეოა საქართველოში გადაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას ასევე უთხრეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდებოდა. სააკაშვილს ამომრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share