,,ტყუილად ჰგონია ოლიგარქს და მის ამფსონებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს რომ არის რუსთავის ციხეში, ის შორს არის ქართველი ხალხისგან” – ეს განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის’ ერთ-ერთმა ლიდერმა და რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ გადაცემა ,,საჯარო პოლიტიკაში” გააკეთა.
კირკიტაძის თქმით, სააკაშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობს დაგვანახოს თუ ვისთან გვაქვს საქმე და რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს ქვეყანა.
,,ის იბრძვის, როგორც შეუძლია ციხეში მყოფ ადამიანს, რომ საბოლოოდ გამოვფხიზლდეთ და მართლა მივხვდეთ, რა გარემოში ვცხოვრობთ და ვინ არის ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი, ის ამისთვის იბრძვის თავისი სიცოცხლის ფასად”,- განაცხადა კირკიტაძემ.
მისივე თქმით, ადამიანი, რომლის პოლიტიკური კარიერაც უკრაინის პოლიტიკაში, ძალიან მაღალ საფეხურზე დგას, ტყუილად არ ჩამოსულა საქართველოში.
,,ადამიანი, რომელიც ამდენი წელია ცხოვრობს უკრაინაში, ძალიან კარგად არის იქ და იცით, რომ მის თავისუფალი რეფორმების ცენტს, სულ რამდენიმე ხნის წინ ამერიკელებისგან გამოეყო დიდი გრანტი, რომ უკრაინაში გაეტარებინა რეფორმები, აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ ყოფილიყო წარმატებული ადამიანი. მასში, როგორც მესამე პრეზიდენტში, ამ ყველაფერს გადაძლია თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის სიყვარულმა და მან არჩია ქართველი ხალხის გვერდით დგომა, მიუხედავად იმისა, რომ ის კარგად აცნობიერებდა რა ხელისუფლებასთანაც ჰქონდა საქმე”, – განაცხადა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქართულმა მხარემ თბილისში 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავა და ის უკვე მეექვსე დღეა, რუსთავის ციხეში ზის. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობა აქვს გამოცხადებული და ექიმების მტკიცებით შესაძლოა მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქროს.