“რატომაა ექსპრეზიდენტის დაკავება ერთი, მაგრამ ძალიან დიდი კრიზისი საქართველოსთვის?” – ამ სახელწოდებით გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Washington post მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და დაკავებასთან დაკავშირებით სტატიას ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნისთვის კრიტიკული მომენტი აღმოჩნდა: “დემოკრატიული ინსტიტუტები სერიოზული წნეხის ქვეშ არიან”.
სტატიაში საუბარი შეეხო 2003 წლის ვარდების რევოლუციასაც. ავტორი წერს, რომ რევოლუციამ კორუმპირებული და რეგრესირებადი რეჟიმი დაასრულა:
“თითქოს, ეს არ იყო საკმარისი, ახლა საქართველოში სხვა კრიზისი მძვინვარებს. პარასკევს უმრავლესობამ გამოაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. სააკაშვილი თავის თანამემამულეებში ძლიერ და ინტენსიურ ემოციებს აღძრავს. ის ხელისუფლებაში 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს მოვიდა. სწორედ ამ რევოლუციამ დაასრულა კორუმპირებული და რეგრესირებადი წინამორბედი რეჟიმი.
მან და მისმა ერთგულმა რეფორმატორთა გუნდმა ერთად შეძლეს, ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესი დაეჩქარებინათ, თანაც ისე, რომ მთელი მსოფლიოს გარშემო მყოფ ცვლილებათა მომხრეებში შური გამოეწვიათ. და მაინც, ამერიკაში განათლებამიღებულმა სააკაშვილმა უაღრესად პოლარიზებული ხასიათი გამოავლინა და მცირე ტოლერანტობას იჩენდა კრიტიკისა და საწინააღმდეგო აზრის მიმართ. საქართველოს წინსვლა და პროგრესი 2008 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად შეფერხდა. მაშინდელი კონფლიქტის მიზეზი სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესები იყო. ცამეტი წლის შემდეგ რუსეთს საქართველოს მეხუთედი აქვს ოკუპირებული, მაგრამ ომმა ქართული დემოკრატია მაინც ვერ დაანგრია”, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებით მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი გადაბარება უზრუნველყო.
სააკაშვილმა საპრეზიდენტო მანდატი ვადის ამოწურვისთანავე დატოვა, რითაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება უზრუნველყო. მანამდე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ “ქართულ ოცნებას” უკვე დაკავებული ჰქონდა პარლამენტი და მთავრობა,-ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც 1 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომ საქართველოში დაბრუნდა. მთელი დღის ძებნის შემდეგ ის სანზონაში, საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.