სააკაშვილის ორი საქმე რატომ არის შუა გზაზე გაჩერებული და რატომ არ არის ბოლომდე მიყვანილი. რატომ არ გახმოვანდა ის საქმეები ბოლომდე და რატომ იყო მუდმივად პიჯაკებზე და პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე მიტანილ გვირგვინზე ლაპარაკი, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილთან თავისი პრეტენზიები აქვს, მაგრამ არ სურს, პოლიტიკური მოტივით გაასამართლონ.
“მე სააკაშვილთან მიმართებაში ჩემი პრეტენზიები მაქვს, მაგრამ მე არ მინდა, რომ გნებავთ სააკაშვილი იყოს, გნებავთ სხვა ვინმე, რომ პოლიტიკური მოტივით გაასამართლონ, თუნდაც რაღაცაში დამნაშავე იყოს. დაუმტკიცე – დამიმტკიცე, რომ იმიტომ სჯი, რომ რაღაცაში დამნაშავეა და არა იმიტომ, რომ შენ ძალაუფლება შეინარჩუნო.
მე ვკითხულობ, სააკაშვილის ორი საქმე რატომ არის შუა გზაზე გაჩერებული და რატომ არ არის ბოლომდე მიყვანილი. რატომ არ გახმოვანდა ის საქმეები ბოლომდე და რატომ იყო მუდმივად პიჯაკებზე და პოლონეთის პრეზიდენტის დაკრძალვაზე მიტანილ გვირგვინზე ლაპარაკი. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის თამაში. როცა აბაიბურებ საქმეს,ეს ნიშნავს, რომ ეს ფარსია და არ გინდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანო”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.