ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა. ამის შესახებ ყოფილმა ჟურნალისტმა “თბილისელებთან” ისაუბრა:
„განსაკუთრებული მოთხოვნები მე ჩემს ხელმძღვანელობასთან არ მქონია. მხოლოდ თავისუფლება მჭირდებოდა, არა მხოლოდ ჩემი, ჩემი კოლეგებისაც და მომეჩვენა, რომ ეს ასე აღარ იყო. შესაბამისად, გადავწყვიტე, 18-წლიანი მუშაობის შემდეგ წამოვსულიყავი ამ არხიდან. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. არჩევანი არც მქონია, ეს იყო ლოგიკური გაგრძელება ამ სიტუაციაში და ასეც უნდა მომხდარიყო.
36 წლის ვარ, აქედან 18 წელი ბავშვი ვიყავი და მეორე თვრამეტი წელი ქართულ ჟურნალისტიკაში გავატარე. ძალიან კარგად ვიცი, რა და როგორ ხდება და როგორ გრძელდება. ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და ახლა კი არა, მგონია, რომ ამ სფეროში აღარასდროს დავბრუნდები. ამ ეტაპზე ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ საერთოდ წავიდე პროფესიიდან. იმიტომ, რომ დღეს ქართულ მედიაში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ. ჩემდა სამწუხაროდ, ის, რისი კეთებაც მე მინდა, დღეს არცერთ ტელეკომპანიას არ სჭირდება და პირიქით, რაც ამ კომპანიებს სჭირდებათ, იმის კეთება მე არ მინდა. ეს არ არის ჩემი ნებაყოფლობითი არჩევანი, უბრალოდ, ჩემი აზრით, ფიზიკურად არ არის ადგილი, სადაც მუშაობას შევძლებ. გვინდა თუ არა, ყველა მედიასაშუალება გარკვეული გავლენების ქვეშ არის.
საერთოდ გავთიშე ტელევიზორი, საინფორმაციო საშუალებებთან ყველანაირი წვდომა შევიზღუდე და არ ვიცი, რა ხდება ქვეყანაში, არც პოლიტიკაში. არც კრიმინალურ მდგომარეობაზე მაქვს ცნობები. წარმოდგენაც კი მიჭირს, რასაც ვამბობ, მაგრამ მერობის კანდიდატები „დავგუგლე“. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ სამყაროს თავი ავარიდო. ამ ყველაფრის კითხვა და მოსმენა რომ დავიწყო, ავტომატურად დავუბრუნდები ჩემს ძველ თავს, რაც არ მინდა. მირჩევნია, დრო იმ ადამიანებთან გავატარო, ვინც ამდენი ხანი მენატრებოდა, ბევრი რეგიონი მოვიარე, ბევრი დავისვენე, წინ კიდევ საშემოდგომო გეგმები მაქვს“ – განაცხადა ცხომელიძემ.
ჟურნალი “თბილისელები”