“ვისაც ბახმარო გიყვართ, იცოდეთ მომავალ სეზონზე ვეღარ იცნობთ და გული მოგიკვდებათ”

“ვისაც ბახმაროში სახლი გაქვთ ან იქაურობა, უბრალოდ, გიყვართ და გედარდებათ, იცოდეთ, მომავალ სეზონზე რომ ამოხვალთ, ვეღარ იცნობთ თქვენს ეზოებს, მიმდებარე ადგილებს, შემოგარენს… ვეღარ იცნობთ და გული მოგიკვდებათ… იმიტომ რომ სწორედ ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს ასობით უკანონო მშენებლობა, უმოწყალოდ ნადგურდება ბახმარო და გომის მთაც. ხელისუფლება არათუ უმოქმედოდაა, არამედ ახალისებს ამ უკანონობას. ახლა უკვე არავითარ ეჭვს აღარ იწვევს ხელისუფალთა კორუფციული ინტერესები და მავნებლობა!

მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შევეწინააღმდეგოთ ჩვენი, ოდესღაც თვალწარმტაცი კურორტების განადგურებას! არ მივცეთ უფლება ამ არამზადებს, ალქაჯებივით დაეპატრონონ ჩვენს მიწა-წყალს! გამოსავალი ერთია: დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უკანონო შენობების დემონტაჟი და ამაში გარეული თანამდებობის პირები მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში!

ერთად გადავარჩინოთ ბახმარო და გომის მთა, სანამ ამ ძალისხმევას ჯერ კიდევ აზრი აქვს! საზოგადოების ჩართულობითა და ზეწოლით ხელისუფლებამ: \

დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყველა უნებართვო მშენებლობა;

სასწრაფოდ შეუდგეს ამ სახლების დემონტაჟს

განაგრძოს ბახმაროს განვითარება არსებული გენერალური გეგმის მიხედვით (გომის მთაზე ეს გეგმა ჯერ არც მიუღიათ).

მოვუწოდებ საინფორმაციო საშუალებებს, დროულად, სათანადოდ გააშუქონ ქართული მიწის უპრეცედენტო მასშტაბის მიტაცება და ამ დიდებული მთების გავერანების ეს გაუგონარი დანაშაული! საოკუპაციო ხაზზე ინდენტიფიცირებული მტერია-რუსეთი! აქ კი ჩვენი საკუთარი ხელისუფლება მტრობს ჩვენს სამშობლოს!”

წერს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share