ზუსტად 15 დღეში უნდა გაირკვევს ვისზე გააკეთებენ არჩევანს ოზურგეთელები. მეორე ტურმა უნდა გადაწყვიტოს კიდევ ერთხელ ენდობიან კონსტანტინე შარაშენიძეს თუ ქალაქის ბედს ავთანდილ თალაკვაძეს ჩააბარებენ.
უნდა ითქვას, რომ კანდიდატებს შორის პროცენტული სხვაობა საკმაოდ დიდი _ 16 პროცენტია, რაც მმართველი გუნდის კანდიდატის შანსებს ზრდის, თუმცა, თუკი ოპოზიცია შარაშენიძესთან გაერთიანდება, მაშინ სურათი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.
ამ დროის მონაცემებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ღიად აცხადებს, რომ შარაშენიძეს მხარს არ დაუჭერს. უფრო მეტიც, როგორც გვითხრეს, მას, პარტიის ცენტრალურ ოფისში “ძველი ცოდვები” და “გაუსტუმრებელი ვალები” გაახსენეს და გარკვევით უთხრეს, რომ მათი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
თუმცა, როგორც ამბობენ, ოზურგეთში, პარტიის რამდენიმე სახე შარაშენიძესთან მაინც კონტაქტობს და დახმარებასაც პირდება.
შარაშენიძის მხარდაჭერაზე ოფიციალური უარი განაცხადეს “ევროპულ საქართველოში”. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, შარაშენიძე და თალაკვაძე “ბიძინას მოთამაშეები” არიან და ამ ჭიდილში ჩაბმას მათი პარტია არ აპირებს.
ჯერჯერობით უცნობია გახარიას გუნდის ოფიციალური პოზიცია. ჩვენი წყაროს ცნობით, პარტია “საქართველოსთვის” ოზურგეთის ორგანიზაცია და მათი მერობის კანდიდატი გია ცეცხლაძე შარაშენიძეს დაეხმარებიან, თუმცა, ამ ეტაპზე ცეცხლაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
“გურიის მოამბესთან” საუბარში გია ცეცხლაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ის რაც არ ჩანს ოფიციალურად, ირკვევა არაოფიციალურად – გახარიას პარტიის ოზურგეთელი წევრები შარაშენიძის სასარგებლოდ უკვე ამუშავდნენ.
ამ ინფორმაციას არ ადასტურებს კოტე შარაშენიძე, რომლის თქმით, მას არცერთ პარტიასთან ამ ეტაპზე, ოფიციალური მოლაპარაკება არ აქვს.
“ოფიციალურად არაფერია” _ ამბობს შარაშენიძე.
– ბატონო კოტე, თუკი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებთ, რისი იმედი გაქვთ… საკმაოდ დიდი პროცენტული სხვაობაა თქვენსა და მმართველი გუნდის კანდიდატს შორის…
-პარტიებს ხმები უჯრაში კი არ უწყვიათ. მე ხალხის იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების, რომლებიც საღად აზროვნებენ და ვიცი, სწორ არჩევანს გააკეთებენ.
– აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შარაშენიძემ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს – “ქართულ ოცნებაში” მათი კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და ამბობენ, რომ რაც არ უნდა არასწორი მეთოდებით იმოქმედოს მათმა კონკურენტმა, არაფერი გამოუვა:
“ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთში 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო, ახალ საკრებულოში კი მანდატების დიდი უმრავლესობა. პირველ ტურში 15%-იანი განსხვავებით დავამარცხეთ ოზურგეთის მოქმედი მერი, რომელმაც 4 წლიანი საქმიანობის შემდეგ, იმაზე 4000 ხმით ნაკლები მიიღო, ვიდრე 2017 წელს, როცა მერად აირჩიეს.
მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა (თანამშრომლებთან აგიტაციის გამო იგი სასამართლომ კანონის დამრღვევად ცნო) და “ნაციონალური მოძრაობის” რადიკალურ ფრთასთან გარიგებისა, ჩვენ მას პირველივე ტურში ვაჩვენეთ უპირატესობა (44%), რომლის გადალახვაც შეუძლებელია! პირველი ტურის შედეგები ნათლად მიუთითებს, რომ ოზურგეთში საზოგადოებას სურს მერი შეიცვალოს და შემიძლია გითხრათ – მეორე ტურისთვის ჩვენ ნამდვილად გვექნება კიდევ უფრო მეტი თანამოქალაქის მხარდაჭერა, მუნიციპალურ არჩევნებში საბოლოო გამარჯვების მისაღწევად” – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია და დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის გუნდი, იგივე ბრალდებებს “ქართულ ოცნებას” უყენებენ და მათ მიღებულ ხმებში, დიდ წილს, სპეცსამსახურებისა და კანონდარღვევებით ფულის დარიგების შედეგად აღიქვამენ.
მოკლედ, თითქმის 2 კვირაში არჩევნების მეორე ტურია და მიუხედავად მხარეებს შორის პირველ ტურში დაფიქსირებული სხვაობისა, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ორთავე კანდიდატს მეტნაკლებად თანაბარი შანსები აქვთ.