სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ციხეში, სავარაუდოდ, არ არსებობს სახანძრო უსაფრთხოების წესები და ასევე, კრიტიკული შემთხვევების არსებობის დროს რეაგირების ინსტრუქციები.
გარდა ამისა, ომბუდსმენი ამბობს, რომ მისი აპარატი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა აღნიშნულ ციხეში და შემთხვევის ადგილიც დაათვალიერა.
“მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები. გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმიური თუ არაგეგმიური მონიტორინგი. სხვადასხვა შენობების (მაგ., სამზარეულო, საცავები) სამშენებლო მასალების შერჩევისას სავარაუდოდ, არ ხდება ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება.
აუცილებელია, პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენისა თუ დაკვამლიანების გავრცელების შემთხვევაში, არსებობდეს კორპუსების სწრაფი ევაკუაციის ეფექტიანი გეგმა. ასევე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლო მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საცხოვრებელ კორპუსში მყოფი პატიმრების დაკვამლიანების ინტოქსიკაციისგან დაცვის მკაფიო ინსტრუქცია.
სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების პროტოკოლების არსებობისა და ეფექტიანობის საკითხს. ასევე, ყურადღებით დააკვირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიების პროცესს.
აქვე სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პროაქტიულად და სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მსგავსი მნიშვნელობის ფაქტებთან დაკავშირებით”, – წერია განცხადებაში.
რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა.
ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია “ილი ჯგუფის” (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც.
აღსანიშნავია, რომ პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინვე გავრცელდა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. ხანძართან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.