არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად, ოზურგეთში პოლიტიკური ტემპერატურა ზუსტად ისე იწევს, როგორც წინა არჩევნების დროს-გაძლიერებული შანტაჟი, ოპონენტების შევიწროება და მუქარა “ოცნების” ხელწერად იქცა და გასაკვირი ალბათ ის უფრო იქნებოდა, რომ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლებას აძლევდნენ, რადგან ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფრის კადრების გარდა, მათ ახლა სხვაზე არაფერზე ეფიქრებათ. ის, რომ მოსყიდვა და ამომრჩევლის დაშინება მასიურად მიმდინარეობს, ამაზე წერენ ოპოზიციონერი კანდიდატები, რომლებიც მეორე ტურში იბრძვიან. განსაკუთებული აგრესიაა მელექედური – გურიანთა-სოფელ ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატის, დათა მიქელაშვილის მიმართ, რომლის წინააღმდეგ არა მარტო დიდი ფული, არამედ მთელი ე. წ ქუჩის ბიჭები მუშაობენ. კანდიდატი არჩევნების მოახლოების პარალელურად გაზრდილ ზეწოლებზე საუბრობს და შესაბამის ორგანოებს, მედიასა და არასამთავრობო სექტორს მსგავსი ფაქტებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას სთხოვს:
“როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტურში კიდევ უფრო გაძლიერდა ზეწოლა ჩემს ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე. გუშინდელ ფაქტს უკვე არ შეიძლება ზეწოლა ვუწოდოთ, ეს უკვე ძალადოობაა – თან პირდაპირი, როცა სახელისუფლებო კანდიდატის მხარდამჭერები, ჯერ სოციალურ ქსელში და შემდეგ უკვე პირდაპირ, უსირცხვოდ სახლში აკითხავენ ჩემს მხარდამჭერებს ” საქმის გრჩევის მიზნით” მათთვის მიუღებელი აზრის საჯაროდ დაფიქსირების გამო, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია, ეს ხომ ქართული ოცნების ხელწერაა. ასევე სამწუხაროდ, მათივე მხრიდან ადგილი აქვს ამომრჩევლების ტერიტორიულად დაყოფის მცდელობას . მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს და არა მხოლოდ ამომრჩეველს ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, გურიანთა, სოფელ ოზურგეთი და მელექედური არასრდოს არ ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორიც იქნება ჩემი გამარჯვების შემთხვევაში. დიახ, მოსახლეობის დაყოფა თავისიანებად და სხვებად, ეს ქართული ოცნების ცხრაწლიანი მემკვიდრეობიდან ერთ-ერთია. მათთვის თუ „შენიანია” თავისუფლებისთვის მებრძოლია, „სხვისიანი” – ტერორისტი, „შენიანი” რევოლუციონერია, „სხვისიანი” – მეამბოხე. ჩვენ ყველანი, ერთი სოფლის შვილები ვართ და ერთად უნდა ვაკეთოთ ბევრი კარგი საქმე ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის. მივმართავ თხოვნით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED) გურიის მოამბე GURIA NEWS ტელეკომპანია “გურიაtv”/tv company – guriatv შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და უკვე მეორედ, საჯარო დებატებში გამოვიწვიო სახელისუფლებო კანდიდატი – ქალბატონი ნინო მახარაძე, რათა მომეცეს შესაძლებლობა თანაბარ პირობებში, მასთან ერთად ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩევლებს ჩვენი გეგმების, ხედვებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ. მე ვარ #გურიანთელი #სოფელოზურგეთელი და #მელექედურელი. ჩემთვის არ არსებოს ჩემი და სხვისი სოფელი, ჩემიანი და სხვისიანი. ჩვენ ერთიანობით, ერთმანეთის გვერდით დგომით აუცილებლად შევძლებთ გავიმარჯვოთ, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ მოსახლეობის დაყოფა. #გამოიწვიედეპუტატი #მოდიდებატებზე”- წერს დათა მიქელაშვილი.
ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე “ქართული ოცნების” პოზიციაც გაგვეგო,თუმცა, პარტიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი და “ოცნება” უპირისპირდებიან.