პრემიერმა ამომრჩეველს უთხრა, რომ თუ მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემთ, საბოტაჟს მოგიწყობთ- მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, პრემიერის განცხადება, რომ ადგილობრივი არჩევნები ვინც არ უნდა მოიგოს, ვერაფერს გახდება, „თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი დარტყმა და დეცენტრალიზაციაზე იერიშია“.

როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, პრემიერმა რეალურად თქვა, რომ საბოტაჟს მოაწყობს და რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც ყველაფერი მმართველი პარტიის გადასაწყვეტია.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის განცხადება საარჩევნო სისტემაზე და ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი დარტყმა, იერიში დეცენტრალიზაციაზე და ზოგადად, ძალაუფლების დანაწილების პრინციპებზე. ვგულისხმობ მის განცხადებას, რომ ვინც არ უნდა მოიგოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ვერაფერს გახდება. რეალურად, პრემიერმა თქვა, რომ მოაწყობს საბოტაჟს იმიტომ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში „ოცნება“ იმყოფება და პრაქტიკულად, ყველაფერი როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე პარტიის გადასაწყვეტია. ისევ და ისევ, ჩვენ ერთპიროვნულ მმართველობამდე მივედით.

„ოცნებისგან“ არაფერი მიკვირს, არც ეს განცხადება. უბრალოდ, პატივს ვცემთ იმ პრინციპებს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს და იმ დაწერილ კანონებს, რომლითაც, წესით, უნდა ვხელმძღვანელობდეთ. ეს დაწერილი კანონები და პირველ რიგში, კონსტიტუცია, გვეუბნება, რომ ძალაუფლება ხელისუფლების შტოებს შორისაა დანაწილებული. დეცენტრალიზაციის მთავარი აზრი, რასაც დღეს პრემიერმა დაარტყა, ისაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოქალაქეებს აქვთ საჭიროებები, რომელთა სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის გარკვეული ავტონომია და უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობაზე დელეგირებულია. დღეს პრემიერმა თქვა – ამ პრინციპებს არ ვაღიარებ და ფაქტობრივად, ამომრჩეველს უთხრა, რომ თუ მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემთ, მართვის ყველანაირ შესაძლებლობას გადაგიკეტავთ. უბრალოდ საბოტაჟს მოგიწყობთ და პრაქტიკულად თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი მნიშნველობა არ აქვს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში განაცხადა, „რომელიმე მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატიც რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share