დავით მჟავანაძე-დავუჭერთ თუ არა კოტე შარაშენიძეს მხარს მეორე ტურში ეს თავად მის ქმედებაზეა დამოკიდებული

“ჩვენ მას 2017 წელს უპირობოდ, ხალხის მოთხოვნით დავუჭირეთ მხარი, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში შარაშენიძე იყო “ოცნება 2”, დღეს ჩვენ მას უპირობოდ მხარს ვერ დავუჭერთ, თუ ის თვლის, რომ მომდევნო 4 წელი ოზურგეთი ოპოზიციასთან, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად უნდა მართოს, მაშინ მისი მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ – გვითხრა “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ლიდერმა, დავით მჟავანაძემ,  ოზურგეთის მერობის არჩევნების მეორე ტურში მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიციაზე საუბრისას.

მისივე განცხადებით, თუ შარაშენიძე ჩათვლის და მას მიაჩნია, რომ მისი მომავალი “ქართულ ოცნებასთანაა”, მაშინ “ნაციონალებს” მასთან საერთო არაფერი ექნებათ და პასუხისმგებლობასაც ვერ აიღებენ:

“ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, რაღა დარჩა, უნდა გამოვიდეს და საჯაროდ განაცხადოს, რას აპირებს და ვისთან ერთად აპირებს-ქვეყნის მძარცველებთან და მოღალატეებთან-ვგულისხმობ “ქართულ ოცნებას” ჩვენ-“ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი გვესაქმება, ვართ ძალიან კატეგორიულები და მივიჩნევთ, რომ დღეს ქვეყნის ბედი წყდება და ყველას, მათ შორის შრაშენიძესაც შეუძლია ქვეყნის გადარჩენაში მონაწილეობის მიღება, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით მის პოზიციას”-აცხადებს მჟავანაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share