ზუგდიდში, პროტესტის ნიშნად შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთმა პოლიციელმა დატოვა. ის დაცვის პოლიციის თანამშრომელი, საბა კუხალეიშვილია.
კუხალეიშვილის გადაწყვეტილება ხობში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. როგორც მან აღნიშნა, სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს ლექსო რაფავას, რომელიც 21 ოქტომბერს დააკავეს.
ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, გვიან ღამით დაიწყო. დააკავეს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, ხოლო ზუგდიდში გაჩხრიკეს ასევე ყოფილი პოლიციელის, რუსლან შამახიას სახლი. იმავე დღეს სპეცოპერაცია ჩაატარეს თბილისში და დააკავეს კიდევ კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილიც. ორივე დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.