“ერთი პატარა ეშმაკობაა, რომლითაც გაციება და კოვიდი შეგიძლიათ განასხვაოთ ტესტის გარეშე” – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს, როგორ შეიძლება გავარჩიოთ ერთმნეთისგან კორონავირუსი და გაციება და რა უნდა გავითვალისწინოთ სახლში მკურნალობისას:

– როგორც კოვიდს, ასევე გაციებას შეიძლება საერთო ნიშნები ჰქონდეს, რადგან ორივე ზედა სასუნთქ გზებს აზიანებს და ორივე შეიძლება გამოვლინდეს სიცხით, თან ახლდეს ხველა, შემაწუხებელი ყელის ტკივილი, დაღლილობა, სურდო, ძლიერი თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი. ბავშვების შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოხატული გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. კლინიკურად კოვიდისა და გაციების განსხვავება ძალიან რთულია. თუ ყნოსვისა და გემოს დაქვეითება გაქვთ ან თითის დაბოლოებები გაგიწითლდათ, უფრო დიდი ალბათობითი, კოვიდი გექნებათ. თუმცა, ტესტის გარეშე ამ ორი ინფექციის ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელია. ტესტიც უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი გქონდათ. ტესტი კონტაქტიდან 3-5 დღეში უნდა გაკეთდეს. თუ მეორე-მესამე დღეს გაიკეთებთ, შეიძლება პასუხი უარყოფითი მოვიდეს. ამიტომაც, ზოგადად, სასურველია, რომ კორონავირუსის ტესტი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტიდან 3-5 დღეში გაკეთდეს. შეიძლება ზოგჯერ მთელი კვირა გავიდეს და ტესტი უარყოფითი იყოს, კვირის ბოლოს კი დადებითი.
ერთი პატარა ეშმაკობაა, რომლითაც გაციება და კოვიდი შეგიძლიათ ერთმანეთისგან გამიჯნოთ ტესტის გარეშე. ეს არის დრო. მნიშვნელოვანია, რა დროში გამოგივლინდებათ ნიშნები. თუ ადამიანი გაციებულია და მასთან გქონდათ კომუნიკაცია, გაციება დაგეწყებათ კონტაქტიდან 1-2 დღეში, რადგანაც, როგორც წესი, გაციება კონტაქტიდან 1-2 დღეში ვლინდება. ძალიან იშვიათია, რომ 3-4 დღეში  გამოვლინდეს. მაგრამ, თუ ჩვენ გვქონდა კონტაქტი და გასულია საშუალოდ 5 დღე, ამის შემდეგ რომ დაიწყება სიმპტომები, დიდი ალბათობით, კორონავირუსია. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ კოვიდი შეიძლება მეორე დღესაც გამოვლინდეს. დროის ჩარჩო ორიენტაციაში გვეხმარება, მაგრამ ის ზუსტი არ არის. ყველაზე ზუსტი მაინც ტესტის ჩატარებაა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტესტი კონტაქტიდან მე-3-მე-5 დღეს გაკეთდეს და არა უფრო ადრე.

ჩემი რჩევაა, კორონავირუსი იქნება თუ გაციება, თუ საქმე ეხება 65-წელს ზემოთ პირებს, ასთმიან ადამიანს, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს, მათ, ვისაც აქვთ გულის დაავადებები, გამოხატულია ჭარბწონიანობა ან ფეხმძიმედაა, უფრო მეტი ყურდღებით მოვეკიდოთ, რადგან მათ გართულების შედარებით მეტი რისკი აქვთ. თუ პაციენტს შეაწუხებს ქოშინი, ექნება ტკივილი მკერდის ძვლის უკან, თავბრუსხვევის სერიოზული განცდა, კრუნჩხვები ან შარდს არ გამოყოფს, თუ აქვს სიცხე, აულადგა და მერე ისევ თავიდან დაუბრუნდა, ამ შემთხვევებში აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რაც შეეხება მკურნალობას, გაციებასაც და კოვიდსაც მკურნალობის ერთი და იგივე ტაქტიკა აქვს სახლის პირობებში. თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტია, პაციენტს ვაძლევთ სიცხის დამწევს. სიცხის დამწევად არავითარ შემთხვევაში არ ვიყენებთ ასპირინს. განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში. ძალიან მაღალია ღვიძლის დაზიანების რისკი. ციტრამონიც შეიცავს ასპირინს და ბავშვებში მისი მიცემა არ შეიძლება. სიცხის სამართავად მხოლოდ ორი მედიკამენტია გამართლებული. ეს არის იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ორივე დღეში 3-4-ჯერ მიიღება და დოზებს შორის ინტერვალი 4-6 საათი უნდა იყოს.

თუ დარწმუნებულები ხართ, რომ გრიპი გაქვთ და იცით, რომ მძიმე ფორმით გივლინდებათ, აუცილებელია, პირველ 48 საათში მიიღოთ ანტივირუსული მედიკამენტები. მერე მათი ეფექტურობა ძალიან დაბალია. ძალიან ბევრი ადამიანი გაციებისა და კოვიდის დროს ლიმონიან ჩაის სვამს. კარგ რჩევას მოგცემთ: ლიმონს ჩაიში რომ ჩააწვეთებთ, ბევრი სარგებელი აღარ რჩება, იმიტომ, რომ ჩაის ტემპერატურა ძალიან მაღალია. ლიმონი კი C ვიტამინს შეიცავს, რომელიც სითბომგრძნობიარე ვიტამინია და 30 გრადუსზე უკვე იშლება. ამიტომ, თუ თქვენ გინდათ, რომ ადამიანს მართლა დაეხმაროთ, ჯობს, ლიმონიანი ჩაის ნაცვლად, უბრალოდ ჩაი შესთავაზოთ და ამის შემდეგ ცალკე გაუკეთოთ ლიმონიანი წყალი და მასში თაფლი გახსნათ. ოღონდ, წყალი არ უნდა იყოს ცხელი, არამედ თბილი, გრილი. ამ შემთხვევაში C ვიტამინი აღარ დაიშლება.
თუ ადამიანი გაციებულია, როგორც წესი, დაავადება ძალიან მალე, 1-2 დღეში დაიწყება და მაქსიმუმ 3-4 დღე გაგრძელდება. იშვიათად, ერთი კვირა გაგრძელდეს. თუ ეს კოვიდია, ამ შემთხვევაში დაავადება შეიძლება 10 დღეც გაგრძელდეს.
თუ დაავადება დაგვეწყო და 10 დღე გავიდა, კოვიდის შემთხვევაში იზოლაცია აღარ გვჭირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share