ხმაური და დაპირიპირება იყო ცოტა ხნის წინ ბათუმში 22-ე საუბნო კომისიაში – “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კომისიის თავმჯდომარეს ჯიბეში გაორებული სამაგიდო სიები აღმოუჩინეს.
პარტიის წევრების თქმით, სიებში ერთი და იგივე ამომრჩეველი რამდენჯერმე იყო ნახსენები.
“ბათუმის 22 -ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს სამაგიდო სიები აღმოაჩნდა, ეს იყო გაორებული სიები, რომელიც ჩვენმა წარმომადგენელმა შენიშნა. ამის შემდეგ, ჩვენ ვუთხარით რომ სიებს თუ არ გადმოგვცემდა, პოლიციას გამოვიძახებდით, პოლიციის ხსენებაზე იძულებული გახდა, რომ სიები ეჩვენებინა. ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც გვაქვს. ფაქტის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიამ შეადგინა შესაბამისი აქტი და დაილუქა ეს სიები. პრაქტიკაში, მსგავსი შემთხვევა პირველად მქონდა. წარმოიდგინეთ გაორებული სიები, რომ აღმოჩნდეს ყველა უბანზე, ამას ხელისუფლება თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. თითო უბანზე 20 ადამიანი ასე რომ განმეორდეს, საერთო ჯამში შეცვლის არჩევნების შედეგებს. მოვუწოდებთ, საუბნო საარჩევნო კომისიებს, გადახედონ და შეადგინო შესაბამისი აქტი ასე თუ განმეორდა სიები. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ”,- აცხადებს ირმა ხოროიშვილი “ინტერპრესნიუსთან”.