მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია 31 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას მკაცრად აკრიტიკებს და “ნაციონალურ მოძრაობას” უპირისპირდება.
“მე დღეს ამერიკაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე სულელმა, მე დებილმა, მე გასულ საუკუნეში ჩარჩენილმა იდიოტმა ფრენა გადავდე. ვიფიქრე, ეგებ რამე მოხდეს და ამას როგორ მოვაკლდები, ეგებ ზღვა ხალხი მოგროვდეს, ეგებ შევძლოთ, ვაიძულოთ მთავრობა მიშას კერძო კლინიკაში გადაყვანა-მეთქი.
დღეს საღამოს 7 საათზე გამოცხადებულ აქციაზე ოთხმოც წელს გადაცილებული ქალი გულის ფანცქალით გავვარდი. და მერე რა?! მოვისმინე ხოშტარიას, ხაზარაძის და სხვათა ქაქანი, ნიკა მელიას ორმოცწუთიანი ყროყინი – ყველაფერი ის, რასაც ტელევიზორით არაერთხელ მაქვს მოსმენილი.
და ბოლოს განცხადება – მომავალ კვირას მოდით თავისუფლების მოედანზე, შევიკრიბოთ, ვუჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რა შეგვიძლია.
ჰოდა მაინტერესებს, რა ჩემი ფეხები შეგვიძლია?
ასეთი უტაქტობის, ელემენტარული პოლიტიკური ალღოს ასეთი უქონლობის მსგავსი არაფერი მინახავს!
სხვა თუ არაფერი, ამდენი ხალხის მიმართ იმდენი პატივისცემა მაინც ჰქონოდათ, იმდენი ყურადღება მაინც გამოეჩინათ, რომ იმათთვისაც დაეთმოთ ის მიკროფონი. ეგებ იმათაც სურდათ რამე ეთქვათ, ეგებ იმათაც უნდოდა მათი განწყობის, მათი აღშფოთების გამოთქმის სურვილი! გულს მაინც მოიოხებდნენ, მიშას შორიდან სიტყვებით მაინც გაამხნევებდნენ.
მომავალ კვირას რას ეტყვიან? რაიმეს ახალს? თუ ისევ იქაქანებენ ოპოზიციის ხელმოცარული ლიდერები, ისევ იყროყინებს საათნახევარი ნიკა მელია? გამოიკვანწებიან ჰოლივუდის ვარსკვლავებივით კამერების წინ, მისცემენ სამწუთიან ინტერვიუს, ხალხს კი ისევ ეტყვიან შემდეგ კვირას მოდითო?
ამ დროს კი ადამიანი, რომელმაც 36 წლის ასაკში შეუძლებელი შესძლო, ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია, წინსვლის და განვითარების გზაზე დააყენა, მსოფლიო ჩვენს მიღწევებზე აალაპარაკა, ეხლა ციხეშია. ციხეშია და თავი სასიკვდილოდ აქვს გადადებული, იმიტომ, რომ ეგონა, ამით ჩვენს ხალხს იმედს მისცემდა, ენერგიას შემატებდა, გამარჯვებას გაუადვილებდა. მისი სიცოცხლე წვეთ-წვეთ იწურება ყოველ დღე კი არა, არამედ ყოველ საათს, ყოველ წუთს, ყოველ წამს. იცოცხლებს ის მომავალ კვირამდე? უფიქრია ოპოზიციის „ლიდერშიპს“ ამაზე?
მის სიკვდილს მოუთმენლად ელოდება მთელი ქოცმთავრობის ხროვა და მათი მბრძანებელი, ფულზე პათოლოგიურად შეყვარებული, სულით და ხორცით მახინჯი არსება. შამპანიურის ბოთლები მათაც და კრემლშიც მომზადებული აქვთ სადღესასწაულოდ.” – წერს დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში.