კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 50 ათასის ფარგლებშია, რაც ძალიან მაღალი რიცხვია საქართველოს ზომის ქვეყნისთვის,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„გადატვირთვის მიუხედავად, არც ერთი ავადმყოფი არ დარჩენილა ჯერჯერობით სამედიცინო მომსახურების გარეშე. რაც შეეხება გარდაცვალების რიცხვს, ძალიან მაღალია ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, მაგრამ გლობალურად თუ მიუდგებით და შეადარებთ სხვა ქვეყნებს, ბევრი სრულად ვაქცინირებული ქვეყანა ვერ უჩვენებს გარდაცვალების ასეთ დაბალ მაჩვენებელს, როგორც ჩვენ. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს, რადგან სამი ფაქტორია, რამაც შეიძლება, ინფიცირებულთა რაოდენობა შეამციროს. ეს არის ვაქცინაცინირებულთა რაოდენობა, პირბადის გამოყენების პროცენტი და ხალხმრავალი თავყრილობები. ამ სამიდან რას აკეთებს საქართველო? თითქოს საღი განსჯის უნარი დაკარგა მოსახლეობამ და აკეთებს ყველაფერს საპირისპიროდ, ვაქცინაციის დონე კი არ იმატებს, არამედ მცირდება, რაც წარმოუდგენელია, როცა ყველა აღიარებს, რომ საქართველოში ვაქცინაციისთვის ყველაზე კარგი პირობებია შექმნილი; პირბადის ტარების პროცენტი 45-ია მაშინ, როცა ევროპაში და ამერიკაში, სადაც მოსახლეობა სრულად ვაქცინირებულია, პირბადის ტარების დონე 90%-ია; ხალხმრავალი შეკრებები, ქორწილები, ქელეხები და დაბადების დღეები – ეს არ გვყოფნიდა, ახლა დაემატა პოლიტიკური აქციები. ახლა ვიღაც ჩასაფრებული ადამიანი მეტყვის, რომ თვითონ ხელისუფლებამ ჩაატარა ერთი დიდი აქცია. დიახ, ჩაატარა და ეს არ იყო კარგი, ისევე, როგორც ოპოზიციის მიერ ჩატარებული აქცია. კარგით, ხელისუფლებამ ერთი დიდი აქცია ჩაატარა, ოპოზიცია აანონსებს პერმანენტულ აქციებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით კარგი არ არის. სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მოსახლეობა და ამ სამი მაჩვენებლიდან სამივე შემოატრიალოს.
შეზღუდვების გამკაცრებას არ ველოდები და პირადად მე არ ვემხრობი. ეს წარსულია, რადგან მან გამოიწვია ეკონომიკის უკანსვლა და ადამიანების ცხოვრების გაუარესება, მაგრამ რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრებას ველოდები. აღნიშნულზე პირადად ვსაყვედურობ ხელმძღვანელობას, რომ ისინი რეგულაციების აღსრულებას არასაკმარისად მკაცრად აკონტროლებენ “, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.