დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო საგზაო მონაკვეთებს, სადაც წლის განმავლობაში უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება:
ზოჯი ლა პასი, ინდოეთი
ქაშმირის რეგიონის ეს გზა ზღვის დონიდან 3500 მეტრზე მდებარე უღელტეხილსაც მოიცავს, სიგრძით კი 11 კილომეტრზე მეტია. ზვავსაშიშროების გამო უღელტეხილი ზამთრობით ხშირად იკეტება, თუმცა მაშინაც კი, როცა მოძრაობა ნებადართულია, ზოჯი ლა პასზე მგზავრობა დიდ რისკთან არის დაკავშირებული: სივიწროვის გამო გზა ცალმხრივია და მძღოლები რიგრიგობით გადაადგილდებიან! სწორედ ეს არის ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
ჩრდილოეთი იუნგა, ბოლივია
გზა სრულად ამართლებს დასახელებას, რადგან ადგილობრივების ენაზე ის “სიკვდილის გზას” ნიშნავს! იუნგის გზაზე უამრავ მემორიალურ ნიშანს შეხვდებით, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 300 კაცი იღუპება…
დამცავი ჯებირების არარსებობა, წვიმა, ნისლი და ტალახის თუ ქვის მასები ჩრდილოეთ იუნგის ყოველდღიურობაა, რაც ამ მონაკვეთს მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზის სტატუსს ანიჭებს.
კარნალის გზა, ნეპალი
ეს 250-კილომეტრიანი გზა წელიწადში, მინიმუმ, 50 კაცის დაღუპვის მიზეზი ხდება. “გზა” წარმოადგენს მიწის ვიწრო ზოლს, რომელიც ცალი მხრიდან ღრმა ხევს ესაზღვრება. ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა სწორედ ხევის პირას დამცავი ჯებირების არარსებობის, ასევე, ხშირი მეწყრებისა და ქვათაცვენის ბრალია. ხიფათისა და სიკვდილის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კარნალის გზაზე ყოველდღიურად ასობით ავტომანქანა დადის, რადგან ეს ერთადერთი გზაა რამდენიმე დასახლებულ პუნქტამდე მისასვლელად.
გუოლიანის გვირაბი, ჩინეთი
ეს სახელგანთქმული გვირაბი, რომელიც ტაიშანის მთებშია გაჭრილი, ჩინეთის ეროვნული ღირსშესანიშნაობაა. გვირაბის სიგრძე 1,2 კილომეტრია და 13 ადგილობრივ მცხოვრებს ის 5 წლის განმავლობაში გაჰყავდა! გვირაბი 1977 წლიდან ფუნქციონირებს და მას ყოველწლიურად უამრავი მნახველი ჰყავს. თუმცა ძალიან ხშირია უბედური შემთხვევებიც, განსაკუთრებით, წვიმების სეზონზე.
კანიონი სკიპერსი, ახალი ზელანდია
ბრიტანელ მძღოლთა გაერთიანებამ ამ გზას უწოდა “ისეთივე საშიში, როგორი ლამაზიც არის”. კანიონი სკიპერსი უამრავი ვიწრო მოსახვევითა და აღმართ-დაღმართით “დახუნძლული” გზაა, რომელზეც ხშირია ქვათაცვენა, ზამთარში კი თითქმის მთლიანად იფარება თოვლით. ახალი ზელანდიის ყველაზე სახიფათო გზა მძღოლისგან მაქსიმალურ ყურადღებას, მოთმინებას და… მასზე გადაადგილებისთვის სპეციალურ ნებართვას მოითხოვს!