„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც პატიმარი, სერიოზული ფიზიკური საფრთხის ქვეშაა, ამიტომ საპროტესტო მოძრაობა “აზვირთდება, მზარდი, გახდება, თანმიმდევრული, ორგანიზებული, დისციპლინირებული”.
დღეს, 9 ნოემბერს დილით, მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ საზოგადოება არ მოისვენებს, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, პარალელურად იქნება უფრო აქტიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან და უახლოეს საათებში იქნება შესაბამისი რეაქცია. მელიას განცხადებით, ხელისუფლებას მოუწევს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, ბრძოლა ამით არ შეწყდება და გაგრძელდება ახალი არჩევნებისთვის. როგორც ნიკა მელიამ თქვა, სახელმწიფო მიტაცებულია, რასაც უპირისპირებენ უწყვეტ, ყოველდღიურ აქციებს, სანამ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ხელისუფლების მიმტაცებელია.
მელია ამბობს, რომ ძალიან ადარდებს “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მდგომარეობაც. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან შიმშილობს საქართველოს პარლამენტის შენობაში.