ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფს დასკვნა უნდა მოემზადებინა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ რეაბილიტაციის პერიოდზე. გარდა ამისა, პაპუაშვილი ამბობს, რომ ექსპერტთა ჯგუფს სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისთვის უნდა მოეწოდებინა.
“ამ ჯგუფსაც რომ მოეწოდებინა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, კარგი იქნებოდა, ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელათ იმაზე შიმშილობის პერიოდში როგორ იმართოს. ექიმებისგანაც კარგი იქნებოდა მოწოდება, მაგრამ სახალხო დამცველისგანაც, მათ შორის. მით უმეტეს, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც შიმშილობს პარლამენტში, მისი მდგომარეობა ნამდვილად რთულია და ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც შიმშილობს ელენ ხოშტარია, არის მიხეილ სააკაშვილი”, – ამბობს პაპუაშვილი.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომა. ECHR-მა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ამასთან, მიუთითა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.
სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას გარკვეული პირობების საფუძველზე შეწყვეტს, ერთ-ერთი კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა, სადაც რეაბილიტაციის გავლას სათანადოდ შეძლებს. მისი პირადი ექიმი და ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს, პაციენტის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება.
სახალხო დამცველმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობა უკვე გამოუცხადეს.
კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, ისინი ერთხმად შეჯერდნენ იმაზე, რომ გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო “ცუდად აღჭურვილი არ არის”, თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს.
“პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”, – აღნიშნულია დასკვნაში.