ეკატერინე გორგოძე და რუმინელი ირინა ბარა წყვილთა თანრიგში მონტევიდეოში გამართული WTA ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. წყვილმა 2021 წელს მეოთხე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გორგოძე/ბარას წყვილმა ფინალში ბრაზილიელი კაროლინა ალვეში და ესპანელი მარინა ბასოლსი, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ურუგვაის ტურნირის საპრიზო ფონდი $125 000-ს შეადგენდა. გორგოძემა და ბარამ წელს კარლსრუეს (გერმანია, საპრიზო ფონდი – $125 000), კლუჟ-ნაპოკასა (რუმინეთი, საპრიზო ფონდი – $250 000) და ბუენოს აირესის (არგენტინა, საპრიზო ფონდი – $125 000) ტურნირებზე გაიმარჯვეს.
ეკატერინე გორგოძე საქართველოს მოქმედი ნომერი ერთი ქალი ჩოგბურთელია. ამ დროისთვის WTA-ს რეიტინგში სპორტსმენი ერთეულთა თანრიგში 154-ე ადგილს იკავებს. წყვილთა თანრიგის რეიტინგში ის 69-ეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. მონტევიდეოს ტურნირზე გამარჯვების შემდეგ გორგოძე წყვილთა რეიტინგში სავარაუდოდ 62-ე ადგილზე გადაინაცვლებს.