“ღრმად ვართ შეშფოთებულები… ოცნება დევნის განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს” – NGO-ების მიმართვა “მთავარი არხის” დაჯარიმებაზე

“მთავარი არხის” დაჯარიმებასთან დაკავშირებით ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. წერენ, რომ მარეგულირებელი კომისიის დღევანდელი ქმედებით “ღრმად შეშფოთებულები” არიან და აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნება” განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს დევნის”.

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულები ვართ კომუნიკაციის კომისიის ა/წ 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააჯარიმა 112 000 ლარით.

ჯარიმის ერთი ნაწილი ეხება ვიდეოს, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ჯარიმის მეორე ნაწილი კი ეხება ასევე ვიდეოს, რომელშიც ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მთავრობის არასათანადო მოპყრობა და მისი პოლიტიკური ნიშნით წამების ნიშნები.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ღრმად ვართ შეშფოთებულები მთავრობის ამ გადაწყვეტილებით. მთავრობის ამგვარ გადაწყვეტილებას ჩვენ ვაფასებთ როგორც პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობას, რუსეთის არ-გაღიზიანების პოლიტიკად, კოლაბორაციას. გარდა ამისა, ჩვენთვის უცხო არ არის მთავრობის შეტევა კრიტიკულ მედიაზე.

ამ ყოველივეს და იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ქართული ოცნების რეჟიმის ციხეში და ის არის ივანიშვილის და პუტინის პირადი მძევალი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ არჩევნების მოპარვის გზით, ხელისუფლება და ქართული ოცნება დევნის განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს, სჯის მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებებით.

ყოველივე ზემოთხსენებული ეწინააღმდეგება: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტს; საქართველოს კანონს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ.

სოლიდარობა თქვენ და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში, რომელიც ერთგვარად შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიისათვის ბრძოლის მთავარ ბრძოლის ველად, – ნათქვამია მიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share