1892 წელს გურიაში ჩაწერილი ლეგენდა – ბერის შესახებ

იყო ერთი ბერი რომელიც წმინდა წერილიდან ხშირად კითხულობდა შემდეგ სიტყვებს: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. მამამან თქუენმან ზეცათამან მისცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას“. ბერმა ცოტა იფიქრა თუ ბევრი გადაწყვიტა გაეგო იყო თუ არა სიმართლე წმინდა წერილის სიტყვები და ღმერთს მეფის სიძედ გახდომა შესთხოვა. ორი თვე გულმხურვალე ლოცვის შემდეგ, გადაიცვა ტანსაცმელი და მეფესთან მივიდა და მისი ქალიშვილის ხელი სთხოვა. თავდაპირველად მეფემ უარი უთხრა მაგრამ, როდესაც ბერმა, თავი მოაბეზრა თავი თხოვნით, უთხრა მას:
– „ჩემს ქალიშვილზე ის დაქორწინდება ვინ იმ ოქროს თასს მომიტანს მამაჩემს რომ ზღვაში ჩაუვარდაო“.
ბერი დაემშვიდობა მეფეს, წავიდა ოქროს თასის საძიებლად და ისევ დაიწყო გულმხურვალე ლოცვა, რომლითაც შესთხოვა ღმერთს დახმარებოდა ოქრის თასის პოვნაში. გზაზე მიმავალმა ბერმა ერთ ეკლესიის გვერდით ჩავლისას მისგან გამომავალი ხმაური და ლანძღვა-გინება გაიგონა, ბერი ეკლესიაში შევიდა სადაც მისდა გასაკვირად არავინ არ იმყოფებოდა ხმაური კი მაინც ესმოდა. იგი შევიდა საკურთხეველში და ნახა, რომ ტახტზე მიტრა იდო. მიხვდა, რომ ხმაური სწორედ აქედან მოდიოდა, ცოტა ხნის მიყურადების შემდეგ მან იკითხა:
– „ვინ ხარ შენ? და რა შეგემთხვა?“
– „მე ბოროტი სული ვარ“ მოესმა მიტრისაგან გამომავალი ხმა „მე ამ მიტრაში ჩამკეტა წყეულმა ბერმა, ვინც გამათავისუფლებს მას დიდ სამსახურს გავუწევ“.
– „თუ კი გაგათავისუფლებ, რას მომცემ?“ ჰკითხა ბერმა.
– „ვფიცავ ყველა ბოროტ სულს, რასაც მთხოვ ყველაფერს აგისრულებ!“ უპასუხა ბოროტმა სულმა;
– „მაპოვნინებ ოქროს თასს, რომელიც ჩვენი მეფის მამას ზღვაში ჩაუვარდა?“ ჰკითხა ბერმა.
ბოროტი სული დასთანხმდა აესრულებინა ბერის სურვილი; ბერმა ასწია მიტრა და ბოროტი სული ჩიტივით გამოფრინდა ეკლესიიდან. ბერს ეგონა რომ ბოროტი სული დაიკარგა და შეშინებულმა დაიწყო გულმხურვალე ლოცვა ღმერთისადმი. მეოთხედი საათის გასვლის შემდეგ ბერმა ეკლესიაში შემოსული უზარმაზარი გოლიათი დაინახა, რომელსაც ხელში ოქროს თასი ეჭირა, გოლიათი მიუახლოვდა თუ არა ბერს მის წინ მუხლებზე დაეცა და თასი მიაწოდა, თანაც ძალიან დიდი მადლობაც გადაუხადა განთავისუფლებისათვის.
– „ვინ ხარ შენ და რატომ მიხდი მადლობას განთავისუფლებისათვის“ ჰკითხა ბერმა;
– „მე ის ბოროტი სული ვარ, რომელიც შენ გაანთავისუფლე“ უპასუხა გოლიათმა;
– „ამოდენა მიტრის ქვეშ როგორ მოთავსდიო“ ჰკითხა გაკვირვებულმა ბერმა. „შენ თუ ნამდვილად ის ბოროტი სული ხარ აბა ისევ შეძვერი მიტრის ქვეშ, რომ დავრწმუნდე იმაში, რომ ნამდვილად ის ხარ ვინც მე გავათავისუფლეო!“
ბოროტმა სულმა ისე რომ არაფერი უეჭვია ისევ შეძვრა მიტრაში, ბერმა კი უმალვე მიტრას ჯვარი დაადო და თქვა:
„მე არ მაქვს უფლება აქედან გამოგიშვა! ვინც დაგატყვევა იმან გაგათავისუფლოსო!“
ამის შემდეგ ბერმა აიღო თასი და გაემართა მეფის სასახლისაკენ. მეფემ თავისი სიტყვის შესრულება გადაწყვიტა, მაგრამ ბერმა უთხრა:
-„მე საწყალი ბერი ვარ და არ მაქვს დაქორწინების სურვილი, მე მხოლოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რამდენად სიმართლეა წმინდა წერილის სიტყვები.“
თქვა ეს ენოქმა და დაემშვიდობა მეფეს.
ჩაწერილია ამიერკავკასიის მასწავლებელთა სემინარიის მოსწავლის ფ. მგელაძის მიერ. კავკასიის ადგილთა და ტომების აღწერის მასალათა კრებული 1892 წელი.
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share