სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ.
კერძოდ, ომბუდსმენი გულისხმობს 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მათ შორის, 21 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვას.
ეს შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამის თევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის.
სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება:
“რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა”.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, განიხილოს გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამის თევას ითვალისწინებს.
ქვეყანაში კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე საღამოს 21 საათიდან დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება.
ამ დროის განმავლობაში იკრძალება ადამიანების მოძაობა როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.
თუმცა, შეზღუდვები არ იხსნება იმ დღეებში, როდესაც შობას სხვა რელიგიის წარმომადგენლები ზეიმობენ.