“ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს…ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება”-ნიკა მელია

ისტორიული უსამართლობა, რომელსაც ახლა თვალყურს ვადევნებთ, აუცილებლად დასრულდება და თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს, ეს ისტორიული აბსურდია და მალე დასრულდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, სააკაშვილის პატიმრობის დასრულების მთავარი იარაღი რეჟიმის დასუსტება და დამარცხება არის.

„ნებისმიერი სახის საპროტესტო აქტივობაც კი არის გარშემორტყმული ათასობით პოლიციელის მიერ. წლების განმავლობაში ეს იყო მუდმივი დასტური იმისა, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგას. გასაკვირი არ არის, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია აქვთ. ვერტმფრენიც კი ააფრინეს, ერთი „ბეტეერები“ და ტანკები არ გამოუყვანიათ, დანარჩენი ყველა სახის ტექნიკა მობილიზებული არის. როდესაც პოლიტიკურად გაბანკროტებული ხელისუფლების ხელში არის მხოლოდ ერთი კონტროლის მექანიზმი და ეს არის ძალოვანი უწყებები და სპეცდანიშნულების ჯგუფები, მხოლოდ მათ ეყრდნობა. დღეს სპეცდანიშნულების რაზმები და წყლის ჭავლები არის ხელისუფლება და რეჟიმი ცდილობს, რომ საზოგადოებამ ასეთად მიიღოს, მაგრამ ის მას ასეთად არ მიიღებს“, – განაცხადა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share