სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას თქმით, ჯემერის მანქანა მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან კვლავ დგას, თუმცა როგორც მას განუცხადეს, გამორთულია და არ მუშაობს.
გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, ჯანაშიამ შესაბამის უწყებებს მოუწოდა, რომ მანქანა სხვა ადგილზე გადაიყვანონ, ვინაიდან მისი თქმით, ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
“ჯამერის მანქანა ისევ ადგილზე დგას. ადგილზე განმარტება მივიღე, თითქოს ის გამორთულია და არ მუშაობს. უშუალოდ პრეზიდენტთან რომ ვიყავი მქონდა საშუალება რადიოთი გამესინჯა ტალღები, ასევე თვითონ პრეზიდენტმა როგორც მიამბო, თვითონ ტელევიზორის ანტენა ადგილზე არ მუშაობდა და მოუწიათ გრძელი კაბელის გაჭიმვა იმისთვის, რომ ტელევიზორთან წვდომა ჰქონოდათ, ანუ ეს ჯემერი, როგორც ჩანს ჩართულია, ჩართული არაა მთლიან სიმძლავრეზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს მაინც წარმოადგენს პრეზიდენტისთვის ჯანმრთელობის საშიშროებას. იგი აღნიშნავს, რომ უჩვეულო თავის ტკივილები აქვს და ექიმები ვერ ხსნიან ამას, თვითონაც შეშფოთებულია ამით.
ეს მანქანა სხვაგანაც შეიძლება დადგეს, მინდა ვთხოვო, ვისაც ეს ეხება, იქნება ეს თავდაცვის სამინისტროს მანქანა, თუ პენიტენციურის, ეს მანქანა სხვაგან დააყენონ, არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობაზე ასე ზემოქმედება”,-თქვა თემურ ჯანაშიამ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ გუშინ, 28 ნოემბერს ინფორმაცია გაავრცელა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვვილის პალატის ფანჯრებთან მანქანა აყენია, “რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს”.