“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მმართველმა გუნდმა იცის, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. როგორც მელია ამბობს, სწორედ ამიტომ არ უნდა “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.
საკონსტიტუციო ცვლილებებსა და თემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებზე ნიკა მელია “მთავარი არხის” გადაცემაში “ღამის მთავარი” ისაუბრა.~”რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? – იცის, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, ზუსტად იცის. და ეს ყველაფერი ჩატარდება მათი ნების წინააღმდეგ, იძულებული გახდებიან. ვინ გახდის? საზოგადოება”,-თქვა ნიკა მელიამ.
როგორც ნიკა მელიამ გადაცემაში აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ამ თვეში არის შესაძლებელი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველი გუნდის “კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული”.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტში იყო, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერა. “ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი აღარ არსებობს და მათ საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება არ აქვთ.