“საფრანგეთის პრემიერს ხუთი წელი მიუსაჯეს იმისთვის, რომ მეუღლეს ხელფასს უხდიდა…მადლობა თქვას, რომ მისი კანონები გაუქმებულია, 300-500 წელი გამოუვიდოდა”– სოზარ სუბარი

სააკაშვილის მართლმსაჯულება რომ ყოფილიყო, შეკრებითობა იქნებოდა და მას ჯამში 300-500 წელის გამოუვიდოდა, რაც 30 წელზე ჩამოვიდოდა- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ექვსი წელი საკმარისია, იფიქროს მიხეილ სააკაშვილმა, რა ჩაიდინა, ქვეყანას რა ავნო, ასევე იფიქროს დაკარგულ ტერიტორიებზე, იფიქროს ადამიანებზე, ვინც მისი დანაშაულის გამო, აღარ არიან ცოცხლები.

„საქმე, რომელიც სასამართლოში იხილება, არის უსერიოზულესი და მასში ერთი ეპიზოდიც რომ გამოვყოთ, საკმარისი იქნებოდა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტი, თუ პრემიერი, გისოსებს მიღმა მომხდარიყო. საფრანგეთის პრემიერს ხუთი წელი მიუსაჯეს იმისთვის, რომ მეუღლეს ხელფასს უხდიდა. ალბათ, მეუღლე საქმეს აკეთებდა. სააკაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს 721 ათასს ლარზე, რომელიც არის დახარჯული ბოტოქსებში, გამაჯანსაღებელ პროცედურებში. საუბარია ფულზე, რომელიც კერძო ვიზიტებში იხარჯებოდა და 18 დოლარი დახარჯულია ერთ ღამეში პრეზიდენტისთვის კერძო ვიზიტში. სააკაშვილის მართლმსაჯულება რომ ყოფილიყო, შეკრებითობა იქნებოდა და მას ჯამში 300-500 წელის გამოუვიდოდა, რაც 30 წელზე ჩამოვიდოდა. მადლობა თქვას, რომ დღეს მისი კანონები გაუქმებულია. რაც შეეხება განცხადებას, რომ პუტინის პატიმარია, საქართველოში ადამიანი არ არსებობს, რომელსაც უფრო ძვირფასი საჩუქარი გაეკეთებინოს პუტინისთვის და რუსეთისთვის, ვიდრე სააკაშვილმა გაუკეთა. არც ნინო ბურჯანაძეს, არც ნოღაიდელს. სააკაშვილმა პუტინს ხელ-ფეხი გაუხსნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 22 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა და ორივე ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. აღიარება მოეხდინა. ალბათ, დრო დადგება, როცა ეს საქმეც გამოძიებული იქნება. ახლა ეს საქმე არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში და შეფასებას მისცემს რუსეთის აგრესიასაც, ეთნიკურ წმენდა, ქართველი სამხედროებისა და სამოქალქო პირების წამება-მოკვდინებას, თუ რაიმე აქვს ჩადენილი სააკაშვილს, ისიც გამოჩნდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share