“გაიყინა ბავშვები, უკვე შეუძლებელია ასეთ საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება”-უყვება “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის ერთ ერთი მოსწავლის დედა. მისივე თქმით, ონლაინ სწავლება უკვე ერთი კვირაა დამთავრდა და სასწავლო პროცესი გაყინულ საკლასო ოთახებში განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ აცივდა, პანდემია კი გავრცელების პიკშია, არავინ ფიქრობს იმ ბავშვებსა და მასწავლებლებზე, ვინც გაყინულ საკლასო ოთახებში სხედან:
“ასეთი ამბებია კორონაზე, თან ეს სუსხი და გაყინული მოდის ბავშვი სახლში. ორი კვირით კორონას დადასტურების გამო, სკოლა ონლაინ სწავლებაზე იყო, დაიწყო სწავლა და გათბობის გარეშე. ეს რა უპასუხისმგებლობა და უსინდისობაა? ბავშვების ჯანმრთელობაზე ვინმე ფიქრობს? აი, კაბინეტებში რომ ზიან თბილად, აბა გამორთონ გათბობა და ნახონ როგორია გვერდების გაყინვა”-გვიყვება ქალბატონი.
“გურიის მოამბისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, ლიხაურის საჯარო სკოლაში დაახლოებით 6 წლის წინ ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მათი უკუღმა დამონტაჟების გამო, სისტემა მთლიანად უნდა შეცვლილიყო. კომპანიამ კი, რომელიც ტენდერში გამარჯვებული იყო, ფაქტობრივად ათი ათასობით ლარი ჰაერში, ან სულაც ჯიბეში გაუშვა. სკოლა კი ისევ პრობლემის წინაშე დადგა, როგორ უზრუნველყოს სასწავლო დაწესებულების გათბობა:
” ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ათასი ლარი გაყვა წყალს, ფაქტი ისაა, რომ მერე წლები ისევ შეშის ღუმელზე თბებოდა საკლასო ოთახები. ბევრი ბრძოლის და განცხადებების წერის შემდეგ, ისევ გაკეთდა გათბობის ცენტრალური სისტემა, თუმცა ახლა პრობლემა წყალია, რომელიც ხან მოდის, ხან არა და ვერ მოხერხდა ამ სისტემაში წყლის შეყვანა. არავინ პატრონი და მომკითხავი არაა. გაცივდებიან ახლა ეს ბავშვები, მასწავლებლები, დაემართებათ კორონა, ან ფილტვების ანთება და მერე ისევ გადაიყვანონ სწავლება ონლაინზე. აი, რა ქვია ამას მეტყვის ვინმე? ან ადარდებს ვინმეს? მტერი არაა მაგის მეტი”- აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ქალბატონი.