საქართველოს გამორჩეული პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ტერორისტული აქტის შედეგად იქნა მოკლული.
გიორგი ჭანტურია 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში გია ჭანტურია იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პირველ ქართველ სტიქაროსანთა შორის.
გიორგი ჭანტურიამ 1981 წლის 8 თებერვალს აღადგინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და 1994 წლამდე მისი თავმჯდომარე იყო. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გია ჭანტურიას თაოსნობით ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკური ძალა იყო 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
გიორგი ჭანტურია დისიდენტობის წლებიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და შემდგომ უკვე დამოუკიდებლობის წლებშიც.
1983 წელს გია ჭანტურია გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით გამართული დემონსტრაციის გამო დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, გიორგი ჭანტურია თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. გიორგი ჭანტურიას და ეროვნულ-დემოკრატების ინიციატივით გაიმართა 1988 წელს ნოემბრის ცნობილი შიმშილობა, მრავალათასიანი აქცია, სადაც ჭანტურიამ პირველმა, ღიად დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ეროვნულ დემოკრატიული პარტია ქვეყანაში ყველაზე პროგრესულ, დასავლეთზე ორიენტირებულ პარტიად ჩამოყალიბდა. გიორგი ჭანტურია აქტიურად იბრძოდა საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნების დასამკვიდრებლად.
1992-94 წლებში გიორგი ჭანტურია მწვავედ დაუპირისპირდა კორუფციას და რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურას, რომელიც მოკალათებული იყო მმართველობის უმაღლეს ეშელონებში.
1993 წელს შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს დსთ-ში შესვლის გამო, ეროვნულ-დემოკრატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დაკავებული თანამდებობები, მათ შორის მინისტრის პორტფელები და შევარდნაძის ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციაში გადავიდნენ. გიორგი ჭანტურია საქართველოს დსთ-ში შესვლას ქვეყნის რუსული პოლიტიკის გავლენის სფეროში დაბრუნებად აფასებდა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.
გიორგი ჭანტურია ამ პერიოდისთვის იყო პროდასავლური ლიდერი, რომელიც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა.
1994 წელს გიორგი ჭანტურია არჩეულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად.
1994 წელს გიორგი ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძეს კატეგორიულად მოსთხოვა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, თანამდებობებიდან გადაეყენებინა საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრები – იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე და შოთა კვირაია. გია ჭანტურია ღიად აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურების მითითებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.
ეროვნულ-დემოკრატების ლიდერის ამ განცხადებიდან ორიოდ კვირაში, 1994 წლის 3 დეკემბერს გიორგი ჭანტურია, პარტიის ყრილობის დახურვის დღეს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს.
გიორგი ჭანტურიას მკვლელობა იყო პოლიტიკური ტერორი, რომელიც განხორციელდა რუსული სპეცსამსახურების უშუალო მითითებით და მიზნად ისახავდა, საქართველოს დასავლური გზით განვითარების შეფერხებას.
newposts.ge