არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა, პასუხი ყველას უნდა მისცემოდა-წულუკიანი კოჰაბიტაციაზე

”როდესაც კი ჩვენ, ამ თუ სხვა მოწვევის პარლამენტებში, ამ თუ სხვა მთავრობის შემადგენლობებში ვთქვით, რომ მოდით არ ღირს პოლემიკა და პასუხის გაცემა, აი, იქ დავმარცხდით. აი, როდესაც ჩვენ ვთქვით 2013 წელს, რომ ესენიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და მოდით, შევეცადოთ მათთან ერთად ვმართოთ ქვეყანა, აი, მაშინ იყო ეს ყველაზე დიდი შეცდომა. ის კაცი, რომელიც დღეს გალიაში ზის, მაშინვე უნდა ჩამჯდარიყო იმ გალიაში, საიდანაც ახლა საკუთარი ცოლის დაპატიმრებას  ითხოვს და რომლის გასათავისუფლებლადაც, ამ ქალბატონს ღირსეულ თაკო ჩარკვიანს ორგანიზაცია აქვს შექმნილი. ეს ადამიანი უკონტროლოა [მიხეილ სააკაშვილი], როგორ შეიძლება ის ხელისუფლებაში მოვიდეს.

აი, ეს არის მეგობრებო ჩვენი შეცდომები, როდესაც ჩვენ დავუჯერეთ რჩევებს და აქ ვერ დავწვრილმანდები, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს გავიხსენებ, ვინ რა რჩევა როდის მოგვცა იმისთვის, რომ თანაგვეცხოვრა, იმისთვის რომ დაგვენდო. ეს იყო შეცდომა. მისაყვედურეთ რამდენიც გინდათ  ამ გულახდილობისთვის. ეს იყო შეცდომა, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას ამით დავაკარგვინეთ ბევრი დრო, ჩვენ დავხარჯეთ ჯანმრთელობა ამაზე, დავხარჯეთ ნერვები და დრო. არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა და კანონით, სამართლიანად ყველას უნდა მისცემოდა ის პასუხი, რასაც იმსახურებდა. ”  –  ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში თაკო ჩარკვიანთან შელაპარაკებისას, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას კოჰაბიტაციის შესახებ. კოჰაბიტაციისას პრეზიდენტი სააკაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთის დაპირისპირებულ ძალებს წარმოადგენდნენ.


გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share