“ბიძინა ივანიშვილი ისტორიული მნიშვნელობის პიროვნებაა და ის აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში” – ასე ეხმაურება განათლების მინიტრი, მიხეილ ჩხენკელი, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში “ოცნების” დამფუძნებლის ქველმოქმედად და მეცენატად მოხსენიებას.
მისი თქმით, მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება სწორედ იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულად ანადგურებდნენ.
”განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში.” – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.
შეგახსენებთ, რომ მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. ივანიშვილის მიმართ სამადლობელი ტექსტების გარდა, წიგნში წერია, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.