გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 99 ათასამდე ადამიანს სურდა – დასაქმდა 299 პირი

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 8 დეკემბრის მდგომარეობით ჯამში საქართველოს 299 მოქალაქე დასაქმდა. მათი ნაწილი უკვე დაბრუნდა საქართველოში, ნაწილი კი კვლავ აგრძელებს შრომით საქმიანობას გერმანიაში. ამის შესახებ BMG-ის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.

უწყების ცნობითვე, 15 თებერვლიდან, როცა გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის რეგისტრაცია დაიწყო, ჯამში 98 805 მოქალაქე დარეგისტრირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ შეთანხმება დროში შეზღუდული არ არის და ქვეყნებს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა 2022 და შემდგომ წლებშიც გაგრძელდება.

“2021 წელი იყო შეთანხმების განხორციელების პირველი, საპილოტე წელი და მხარეები მუშაობენ მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების შეფასების კუთხით, რაც გათვალისწინებული იქნება პროგრამის შემდგომ ეტაპებზე.

რაც შეეხება კვოტას, იგი განსაზღვრულია და იძლევა საშუალებას წლიურად საქართველოს 5000 მოქალაქე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სფეროში დროებით ლეგალურად დასაქმდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის თუ რეალურად საქართველოს რამდენი მოქალაქე ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, დამოკიდებულია გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ვაკანსიებისა და საქართველოს მოქალაქეთა საბოლოო გადაწყვეტილებაზე დათანხმდნენ შეთავაზებულ ვაკანსიას და გაემგზავრონ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში”,-აცხადებენ სააგენტოში.

დასაქმების სააგენტოს შეფასებით, პირველი წლის გამოცდილებით, ლეგალური დასაქმების პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს:

“პირველი წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ არსებულ შეთანხმების იმპლემენტაცია ძირითადად შეუფერხებლად მიმდინარეობს. ქვეყანამ უკვე მიიღო პოზიტიური გამოცდილება. ამ პროცესის მთავარი მიზანი კი არის მეტი ევროპული და წამყვანი შრომითი სტანდარტის გაცნობა ჩვენი მოქალაქეებისათვის, მათ შორის პრაქტიკულ დონეზე და ამის გადმოტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, სხვადასხვა სექტორში, ისევე როგორც ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავება”.

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთნხმებით გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, დროებით დასაქმებულები საათში 9.5 ევროს(დარიცხული) მიიღებდნენ ანაზღაურების სახით. პროგრამამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, დაახლოებით 1 თვეში შესაბამის პლატფორმაზე 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. დასაქმების პროგრამაზე საქათველოდან პირველი ჯგუფი აპრილში გაემგზავრა. მაისში გამგზავრებული ერთ-ერთი ჯგუფის წევრები შრომის მძიმე პირობებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელფასს გაცილებით ნაკლებს იღებენ, ვიდრე დაპირება იყო.

https://bm.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share