„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი” ე.წ. შერიგების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, თუმცა ამის საპასუხოდ, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისმის შეურაცხმყოფელი რიტორიკა, მუქარა და დესტრუქცია.
„ზოგადად, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ხვალინდელი დღისთვის და განვითარებისთვის, ქვეყანაში სტაბილურობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამის საპასუხოდ მთელი ამ წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გვესმოდა შეურაცხყოფა და არა მარტო გვესმოდა ეს მუქარები, დესტრუქცია, ძალადობრივი ენა, მოქმედებაში ვხედავდით.
ამის ნათელი მაგალითი არის სააკაშვილის ერთი დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ თურმე არავისთან საბოდიშო არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალურ მოძრაობის“ რეალური მმართველი – კარგად ვიცით, რომ მელიას არავინ არაფერს ეკითხება, იქ თუ ვინმე რამე მუსიკას უკვეთავს და სხვები ამ ყველაფრის შემსრულებლები არიან, ეს არის მიხეილ სააკაშვილი – მისი ნარატივი და დღის წესრიგი არის მოვაწყოთ ქვეყანაში არეულობა, ამათ ძალა უნდა ვაჩვენოთო.
თურმე დეკემბერში აქცია უნდა დავაანონსოთ, ქვეყანა ამოვატრიალოთ და ხელოვნური დაძაბულობის კერები შევქმნათო, ოღონდ ხელოვნურს აღარ ამბობს. ვის უნდა შეუტიოს? – მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანას მართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილება მას ამ გზით წარმოუდგენია. მგლის თავზე სახარება როგორ უნდა წაიკითხო, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.