სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქართული ოცნების “აქტივისტად და დანამატად” იქცა. ასე გამოეხმაურა იგი გამყრელიძისა და ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომ რეგულაციებს პოლიტიკური პარტიებიც უნდა ემორჩილებოდნენ.
“ჩემი პასუხი ქალბატონ ტიკარაძესა და ბატონ გამყრელიძეს, თავიანთი საქმიანობა შეასრულონ ეფექტურად. რას გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები, ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტია […] ამ საკითხს მიხედონ და ოპოზიციური პარტიები ჩვენ თვითონ დავლაგდებით. არცერთი ოპოზიციური პარტია არ გადის კანონის ჩარჩოდან, ასევე მოვუწოდებ მათ”, — აღნიშნა ჩიხლაძემ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ფიტნესი და საცურაო აუზები დაიხურა. გარდა ამისა, საბჭომ არაერთი შეზღუდვა დააწესა, რომელიც მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, გადაადგილებას, ბაზრობებსა და ბაღებს ეხება. შეზღუდვები რამდენიმე ეტაპადაა დაწესებული და გათვალისწინებულია ე.წ. შემსუბუქების პერიოდი.