ამ დრომდე არ არის დაზუსტებით ცნობილი, რა ხდება გენერალ გიგი კალანდაძესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ბერლინში დააკავეს. სავარაუდოდ, ეს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით მოხდა და, დიდი ალბათობით, დაკავშირებულია 2015 წელს აღძრულ საქმესთან. მას ბრალად ედება ელბერტ კობერიძის წამება.
თავის დროზე გიგი კალანდაძის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფებოდა და წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. ჩვენი ინფორმაციით, გენერალმა გერმანიაში ჩააკითხა შვილს, რომელიც იქ სწავლობს და სწორედ ამ დროს მოხდა მისი აყვანა.
ჩვენ ვესაუბრეთ ვეტერან დავით მაყიშვილს, ვიცე-პოლკოვნიკს, რომელიც წლების განმავლობაში კალანდაძესთან ერთად მსახურობდა.
მაყიშვილი ადასტურებს, რომ გიგი კალანდაძე ბერლინში მეუღლესთან ერთად იყო ჩასული და მისი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც გერმანიას ტოვებდა უკრაინაში დასაბრუნებლად.
აგრეთვე საინტერესოა, რომ მაყაშვილის თქმით, კალანდაძე ბოლო წლებში არაერთხელ ყოფილა ევროპის ქვეყნებში, მაგრამ, ფაქტია, რომ აქამდე ის არ დაუკავებიათ. არ ვიცით, რა შეიცვალა ახლა.
ტვ მთავარი