ამერიკული მედია-კორპორაცია Fox-მა ლაშა ტალახაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურია – მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი ნამდვილი ანომალიაა.
„ლაშა ტალახაძე საკუთარ სტიქიაშია, დიდ სიმძიმეებს ისე იტაცებს, თითქოს ძალიან მარტივი იყოს. ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ქართველმა ძალოსანმა საკუთარი სახელი სუპერვარსკვლავად დაამკვიდრა, ატაცსა (223) და აკვრაში (265) მსოფლიო რეკორდები დაამყარა, ოქროს მედლის მოიპოვა და ძალოსნობის ოლიმპიურ ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. თუმცა, ეს მხოლოდ შესავალი იყო.
ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში აწეული 225 და აკვრაში დაფიქსირებული 267 კილოგრამით ახალი რეკორდები დაამყარა. საერთო ჯამში 492 კილო ასწია, საკუთარი შედეგი ოთხი კილოგრამით გააუმჯობესა და მეორე ადგილზე გასულ ვარაზდატ ლალაიანს 35 კილოთი აჯობა. გორ მინასიანი, რომელმაც ტალახაძე ბოლოს, ცხრა წლის წინ დაამარცხა, მესამეზე გავიდა და მსოფლიოს უძლიერეს ადამიანს 44 კილოგრამით ჩამორჩა“, – წერია Fox-ის ვებგვერდზე.
სტატიაში ისც წერია, რომ ტალახაძის ფანტასტიკურ შედეგებს MMA-ს ანალიტიკოსი ლიუკ ტომასი გამოეხმაურა.
„ტალახაძე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახლოსაა მითური 500 კილოგრამის აწევასთან. ეს იმდენად გამაოგნებელი რიცხვია, რომ მისი მიუღწევლობის გამო მიზნად ვერავინ დაისახავს, ცხადია, ლაშას გარდა. მას მხოლოდ რვა კილოგრამი აკლია და ტალახაძეს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია. ტალახაძემ მიზანში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა ამოიღო და იქ გამარჯვება მთავარ მიზნად დაასახელა. საფრანგეთის დედაქალაქია ის ადგილი, სადაც ის 500 კილოგრამის აწევას შეეცდება, რომელიც ისეთივე მაგიური მაჩვენებელია, როგორც მარათონის 2 საათში დასრულება“, – ამბობს ტომასი.
cnews.ge