ზურაბიშვილის თქმით, თანხმობის პროცესი საზოგადოების ფორმატში უნდა გაგრძელდეს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი თანხმობის პროცესი ახალ ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რომელიც მომავალში ჩამოყალიბდება. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომელთაც საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

როგორც მან ორბელიანის სასახლეში განაცხადა, პროცესის დასაწყისი არაა პარტიების შერიგება. მან აღნიშნა, რომ არ აქვს “არც ბერკეტი და არც ძალა, რომ ესოდენ დაპირისპირებული ძალები” შეარიგოს.

“წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ჩვენ ყველამ, ვინც ამ სასახლეში მოვიდა, შევძელით სასაუბროდ დაჯდომა. ეს იმას ნიშნავს რომ – ყველას ყველასთან საუბარი შეგვიძლია. არ არის გამონაკლისი თუ არის ამის ნება არსებობს.

ცხადია კრიტიკა შედის ამ საუბარში, ამ საუბრის შემდეგაც მისი შეფასების უფლებაც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ეს რაღაც ცივილური ფორმით შევძელით და იმედი მაქვს ამას გავაგრძელებთ. ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში და მომავალ დღეებში ამ ფორმატს ჩამოვაყალიბებთ, რათა მომავალი წლისთვის მზად ვიყოთ ახალი ფორმატის შესათავაზებლად და ამ პროცესში, ცხადია თქვენ გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share