“ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებასა და აგრესიაზე მთავარი პასუხისმგებელი ყოველთვის ხელისუფლებაა”, – ამის შესახებ რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ღოღობერიძე აღნიშნავს, იმედისმომცემია, რომ დაიწყო საუბარი შერიგებაზე.
“რისთვის მოვედით ამ ქვეყანაზე, რომ გვძულდეს ერთმანეთი? პირიქით, მე მართლა მგონია, რომ ადამიანი ამ ქვეყნად იმისთვის მოვიდა, რომ დაინახოს მეორე ადამიანი, განსაკუთრებით, მისგან განსხვავებული და გაუგოს მას. გაგებას მოაქვს თანაგრძნობა და მერე ჩნდება სოლიდარობის განცდა, რაც ყველაზე ამაღლებული გრძნობაა. მე მიხარია, რომ რიტორიკის დონეზე მაინც არის დაწყებული საუბარი შერიგებაზე. იქნებ, ახლა ეს ვერც განხორციელდეს, ალბათ არც განხორციელდება, მაგრამ პერსპექტივაში არის”, – ამბობს რეჟისორი.