“რაში სჭირდებოდათ ეს გათამაშება… რათ უნდოდათ ამდენი მაიმუნობა” – ასე ეხმაურება “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებას.
ლექსო ლაშქარავას დედა დარწმუნებულია, რომ დოკუმენტის გამოქვეყნება მისი შვილის იუნესკოს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანას უკავშირდება.
“ჩემი შვილი, შვილო მკვდარია. მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი ის მირჩევნია, არაფერი უკან დასახევი არ მაქვს, რაც ვთქვი, იმას ვიმეორებ, რა სისულელეა, რაში სჭირდებოდათ ეს გათამაშება კაცო, არ ვიძახოდი ისედაც შვილო?! ყველანი აქ არ იყავით, რომ ექნება, რაც გინდათ ის დაუწერეთ, ექნება ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში, რათ უნდოდა ამდენი მაიმუნობა და ამდენი ფოკუზობა. დილით რომ არ გამოქვეყნებულიყო, რომ ლექსო იმაში შეიყვანეს [ უნესკოს სია] შუადღეს, რა იყო ეს, რა ფოკუზობა იყო, 2-3 დღე მაინც დაეცადათ და მერე გამოექვეყნებინათ”, – ამბობს თინათინ კახიძე “მთავართან” საუბარში.
ცნობისთვის, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მედიით ისე გასაჯაროვდა, რომ არც ლექსო ლაშქარავას ოჯახს და არც მის ადვოკატებს არაფერი აცნობეს. სამხარაული ამტკიცებს, რომ 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალება ნარკოტიკმა გამოიწვია.
“ტვ პირველის” მიერ საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ დასკვნას ხელი 30 დეკემბერს თავადაც მოაწერა. მისი თქმით, სანამ გამოძიება არ გამოაქვეყნებდა დასკვნას, უფლება არ ჰქონდა ინფორმაცია დამკვეთისთვის მიეწოდებინა.
“TV პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ ექსპერტი მათ დაიქირავეს, შესაბამისად აქვთ ეჭვი, რომ ექსპერტიზის დასკვნა სასწრაფოდ შეთხზეს მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიას დაამატა.