უხვი ნალექის და დიდთოვლობის გამო, პრობლემებია შექმნილი გურიის სამივე მუნიციპალიტეტში.
იმ ფონზე, როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, გვამცნობს, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის წმენდა აქტიურად მიმდინარეობს და მოქალაქეებს პრობლემა გზის ჩაკეტვის გამო არ შეექმნებათ, ადგილობრივებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადაც კი ვერ ახერხებს მისვლას. ამის შესახებ faceebook-live-ში ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო ქათამაძე გვიყვება.
ქათამაძის განცხადებით, სოფელში მშობიარეა და ვერ ხერხდება მისი სამშობიაროში გადაყვანა, ასევე ვერ ახერხებს მისვლას ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. ისინი დილის 9 საათის მერე ითხოვენ მერიიდან დახმარებას, თუმცა უშედეგოდ:
“დილის მერე ვრეკავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში,მუნიციპალიტეტის მერიაში. მშობიარეა სოფელში და ვთხოვთ, რომ ამოვიდნენ ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანონ. კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. მუნიციპალიტეტს არ ჰყავს პატრონი. ჩვენ ხელით ვწმენდთ გზას, რომ სასწრაფოს ბრიგადამ ამოსვლა შეძლოს. სად არის ამ დროს მუნიციპალიტეტი,ვინმე პატრონი ჰყავს ამ ქვეყანას? სირცხვილი არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეებს. როდესაც დილის 9 საათიდან ვრეკავთ და ვეუბნებით, რომ ასეთი პრობლემაა სოფელში და ტექნიკა გამოგვიგზავნეთ და ამ დრომდე არ მოსულა, ეს სირცხვილია.” – ამბობს ბესო ქათამაძე.
ცნობისთვის, გურიაში რამდენიმე დღეა თოვს, რის გამოც შექმნილია პრობლემები. გურიის სხვდასხვა სოფელში შეუძლებელია ტრანსპორტით გადაადგილება და ასევე, არ არის ელექტრო ენერგია.